გიორგი ვაშაძე - ირმა ინაშვილიც კი უჭერს მხარს ჩემ მიერ დაწერილ კანონპროექტს და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იჯდება შეხვედრაზე
გიორგი ვაშაძე - ირმა ინაშვილიც კი უჭერს მხარს ჩემ მიერ დაწერილ კანონპროექტს და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იჯდება შეხვედრაზე

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა უკვე არის ოპოზიციის გამარჯვება, რა შედეგითაც უნდა დასრულდეს ის. საქართველოს პირველ არხთან მან ასევე ისაუბრა იმ ფორმატის შესახებ, რომლითაც შეხვედრა იმართება.

„ფორმატი თავად მოიგონა და ჩახლართა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ჩვენ აღარ დავიწყეთ ამაზე ზედმეტი განხილვები, რადგან ვართ კონსტრუქციული. ისინი არიან დესტრუქციულები. სწორედ ეს არის მშვიდობიანი წინააღმდეგობის ის ძალიან მნიშვნელოვანი ტალღა, რომელიც ჩვენ ავაგორეთ, რომ მათსავე ვითომ შემოგდებულ ძალას, მათივე წინააღმდეგ ვიყენებთ. რა უნდა ახლა კაკო ასათიანს იქ, კაცმა ვერ გაიგო, მაგრამ ზის. ეს ხომ მოიგონა „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენთვის პრობლემა არ არის, რადგან ჩვენსკენ ხომ სიმართლეა.

ანუ, რა ფორმატიც უნდათ, თუ უნდათ 15 გამოვიდნენ ერთზე, თუ უნდათ კვერცხებით მოვიდნენ, როგორც დარბიან მათი საჯარო მოხელეები ქუთაისში, გინდათ ზემოდან გადმოფრინდნენ პარაშუტით – როგორც უნდათ, ისე აკეთებენ ფორმატს. მთავარია, სიმართლე ჩვენს მხარეს არის, ჩვენ სტრატეგია გვაქვს, გეგმა გვაქვს და ამ გეგმით ვმოძრაობთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ საერთოდ ვერ ხედავს შეხვედრაზე მის არყოფნაში პრობლემას. ამასთან, აცხადებს, რომ ესმის მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლების გაღიზიანება, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას შეხვედრაში.

„მე მესმის ახალგაზრდების გაღიზიანება და მათი განცხადება. მეც მხარს დავუჭერდი მათ მონაწილეობას ამ მოლაპარაკებებში, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა მივცეთ რაღაც მეორეხარისხოვან თემებზე საუბრის შესაძლებლობა. რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ირმა ინაშვილი რომ ირმა ინაშვილია, ისიც უჭერს მხარს ჩემ მიერ დაწერილ კანონპროექტს და ახლა ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაჯდება იქ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 10:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.