გიორგი ვაშაძე - ირაკლი ღარიბაშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, ეს არის მხოლოდ გამოსვლა გამოსვლისთვის
გიორგი ვაშაძე - ირაკლი ღარიბაშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, ეს არის მხოლოდ გამოსვლა გამოსვლისთვის

ფასი არ აქვს ადამიანის სიტყვას, რომელიც არღვევს შარლ მიშელის შეთანხმებას, არ ასრულებს ევროპისა და ამერიკის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, ირაკლი ღარიბაშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, ეს არის მხოლოდ გამოსვლა გამოსვლისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაერო-ს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„ფასი არ აქვს ადამიანის სიტყვას, რომელიც არღვევს შარლ მიშელის შეთანხმებას, არ ასრულებს ევროპისა და ამერიკის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, მუდმივად ცრუობს, თითქოს უარს ამბობს, რაღაც დახმარებაზე და რეალურად ვალდებულებებს არ ასრულებს. რაც არ უნდა ილაპარაკოს, ეს არის მხოლოდ გამოსვლა გამოსვლისთვის. შენ რასაც საჯაროდ ამბობ, ამას გარანტად უნდა ჰქონდეს შენი ქმედება უბრალოდ ლაპარაკს და მერე მოტყუებას და გადაგდებებს აზრი არ აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებაზე „სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივასთან“ დაკავშირებით.

„მშვიდობიანი გარემო სამხრეთ კავკასიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონის ლიდერი. სამწუხაროდ, ეს ფუნქცია დავკარგეთ, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რეალიზდეს, რაც პრემიერმა თქვა, გვჭირდება ნდობა. სიტყვას, რომელსაც ამბობს პრემიერი, „ქართული ოცნების“ განაცხადებს, სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში დღეს ნულოვანი ნდობა აქვს. ისინი არღვევენ შეთანხმებებს, არ ასრულებენ ვალდებულებებს და ისინი შორდებიან დასავლეთს განვითარების კუთხით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე შეფასებით, კარგია, რომ პრემიერმა ოკუპაციაზე ისაუბრა, მაგრამ ქვეყნის დეოკუპაციას სჭირდება კონკრეტული სტრატეგია და ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა დეოკუპაციისკენ.

„მხოლოდ გაერო-ს ტრიბუნა ამაში ვერ მოგვეხმარება. ამას სჭირდება ძლიერი ეკონომიკა საქართველოში, ამას სჭირდება მეტი პროექტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც დაახლოებს ადამიანებს ქართული განვითარების გარემოსთან, ამას სჭირდება გაცილებით აქტიური მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას დეოკუპაციისკენ. სამწუხაროდ, დეოკუპაციის ნაცვლად დღეს მცოცავი ანექსიის მსხვერპლია საქართველო, რადგან არ ხდება იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც ქვეყანას სჭირდება.

ერთია – რას ამბობს პრემიერი, მეორეა – რა ხდება რეალურად, როცა კანდიდატებს იტაცებენ, მაგალითად, სამტრედიაში ჩვენი კანდიდატი, როცა ადამიანებს დანით ჭრიან, ეს არის მისთვის სამართლიანი არჩევნების სტანდარტი? თუ დაავიწყდა, რომ გასული არჩევნების შემდეგ, ცხრა თვის განმავლობაში იყო სერიოზული პოლიტიკური კოლაფსი ამ ქვეყანაში. მერე შეთანხმებას ძალით მოვაწერინეთ ხელი და ამ შეთანხმებიდან ახლა აცხადებს, რომ გავიდა. ეს არის სწორედ ის რეალობა, რომელიც მთელმა დასავლეთმა იცის და რაც არ უნდა ილაპარაკოს, სიმართლე არსად არ დაიკარგება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს გუშინ მიმართა.

დატოვე კომენტარი