გიორგი ვაშაძე - იოტისოდენადაც კი არაფერი შეცვლილა „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ იმ სამოქმედო გეგმაში, რომელიც აქამდე გვქონდა
გიორგი ვაშაძე - იოტისოდენადაც კი არაფერი შეცვლილა „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ იმ სამოქმედო გეგმაში, რომელიც აქამდე გვქონდა

პარტიების, „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ თანამშრომლობის ფორმატში არაფერი შეცვლილა, პირიქით, ვართ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ჩაერთო 24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, როგორც მუშაობდნენ, ახლაც ზუსტად ისე მუშაობენ.

„დღესაც ერთად ვართ. ასე ერთობლივად ვაპირებთ გავაგრძელოთ ის ბრძოლა, რომელიც დავიწყეთ. 24 თებერვალს გელოდებით 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე. დანარჩენი ყველაფერი დეზინფორმაციაა. ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარი განცხადებით ეს საკითხი ამოწურა. კიდევ ერთხელ, ყველა ჩასაფრებულ ადამიანს, რომელიც რატომღაც ძალიან ბედნიერია, როცა რაღაც დეზინფორმაციები გავრცელდება, ვეუბნები, საქმეს მივხედოთ. როგორც ვმუშაობდით, ზუსტად ისე ვმუშაობთ. ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც რამეს იფიქრებს და მოიფიქრებს, როცა დაფიქრდებიან, მზად ვარ, ვესაუბრო. დღეს არის 24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფის ფორმატი, სადაც სამი ოპოზიციური ძალაა, არიან ცალკეული ოპოზიციონერები და დამოუკიდებელი პირები. პოლიტიკურ მოლაპარაკებებს შინაარსი არ აქვს. დღეს მთავარია 24 თებერვალი. არაფერი იოტისოდენადაც კი არ შეცვლილა ჩვენს, სამი პარტიის, იმ სამოქმედო გეგმაში, რომელიც აქამდე გვქონდა.

მოწოდებასაც თავისი ზღვარი აქვს. საზოგადოებამ არ ჩათვალოს, რომ მოვუწოდებთ, მოვუწოდებთ და ეს ცარიელი კარის მტვრევაა. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, სტრატეგია. 24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფში სამი პარტიაა, მაგრამ არის ძალიან ბევრი დამოუკიდებელი პირი. ის გამოხმაურება ოპოზიციური პარტიებისგან როდესაც ვერ ვნახეთ, რასაც შეიძლება, ველოდით, გაცილებით დიდი შესაძლებლობა დავინახეთ საზოგადოებრივ პირებში.

სხვა საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, მათ შორის იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, ნებისმიერი პარტია, ყველაფერზე ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ, როცა ფორმატი არ არსებობს. ჯერ გადავხტეთ და „ჰოპ“ მერე ვთქვათ, ნუ მივდივართ იმ წიაღსვლაში, რომლის გარემოება დღეს არ არსებობს, ეს ცალსახაა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.