გიორგი ვაშაძე - იმედიანად ვარ განწყობილი, მაქსიმალურად ვადას ვიღებ მარტის ბოლომდე, რომ შეთანხმება მოხდეს
გიორგი ვაშაძე - იმედიანად ვარ განწყობილი, მაქსიმალურად ვადას ვიღებ მარტის ბოლომდე, რომ შეთანხმება მოხდეს

იმედიანად ვარ განწყობილი, მაქსიმალურად ვადას ვიღებ მარტის ბოლომდე, რომ შეთანხმება მოხდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან სავარაუდოდ შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგმება, რათა შეთანხმება შედგეს.

„მინდა, ვიყო ოპტიმისტი. მე ამ პროცესს ადეკვატურად ვუყურებ და მინდა, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ ადეკვატურად შეხედოს. ჩემი მიზანი ის კი არ არის, რომ სანქცირებულთა სიაში იყოს მათი წარმომადგენელი. ნამდვილად არ მინდა, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები ვიხილო ამერიკის ან ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში. ამიტომ ვფიქრობ, მათი მხრიდანაც იქნება რაღაც ნაბიჯები, რომელიც შეთანხმებისკენ წაიყვანს ამ პროცესს, რადგან ხედავენ, რომ ასე ვერ გაგრძელდება. განსაკუთრებული იმედი მაქვს იმ ახალი ფუნქციის, რომელიც ევროკავშირმა საკუთარ თავზე აიღო, რომ მოლაპარაკების პროცესში წინადადებები შეიძლება არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ან ოპოზიციის მხრიდან წამოვიდეს, არამედ ევროკავშირის მხრიდანაც. ამიტომ მე იმედიანად ვარ განწყობილი, იქნება ეს ერთ კვირაში თუ ორ კვირაში, მე მაქსიმალურად ვადას ვიღებ მარტის ბოლომდე, რომ შეთანხმება მოხდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

პლებისციტთან დაკავშირებით ვაშაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის მისაღებია პლებისციტი, როგორც რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა.

პლებისციტს ნუ განვიხილავთ ამოგლეჯილად იმიტომ, რომ 6 პუნქტია და ექვსივეზე უნდა იყოს გადაწყვეტილება, მათ შორის პოლიტპატიმრებთან მიმართებაში. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელ გზას, მე ერთგული ვარ იმ შინაარსის, რომელიც ვთქვით ჯერ კიდევ დეკემბერში. პლებისციტი, როგორც რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა, ჩემთვის მისაღებია. ამიტომ არ ვაპირებ, შევიცვალო გადაწყვეტილება; არ ვაპირებ, ვითამაშო, ხან ერთი ვთქვა და ხან მეორე; არ ვაპირებ, დასავლელ პარტნიორებთან დავაზიანო ჩემი პარტნიორული იმიჯი; არ ვაპირებ, მოვატყუო საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ ვინმე თუ უარს იტყვის პლებისციტთან დაკავშირებით, ეს მე ნაკლებად მაღელვებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.