გიორგი ვაშაძე - გვექნება ფრაქციის სხდომა და ვიმსჯელებთ, რა საპარლამენტო მექანიზმები ავამოქმედოთ, რომ მთავრობას პასუხი მოვთხოვოთ
გიორგი ვაშაძე - გვექნება ფრაქციის სხდომა და ვიმსჯელებთ, რა საპარლამენტო მექანიზმები ავამოქმედოთ, რომ მთავრობას პასუხი მოვთხოვოთ

ოპერატორის გარდაცვალებაში დამნაშავეა „ქართული ოცნება“, ამას ბევრი მოკვლევა არ სჭირდება. მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო არ არსებობს, ტერორისტული ორგანიზაციებიც კი, რომლებიც ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შს მინისტრი პარლამენტში უნდა მივიდეს და კითხვებს პასუხები გასცეს.

„გუშინდელ აქციაზე გახმოვანებულ მოთხოვნებს ვუერთდებით – შს მინისტრი პარლამენტში უნდა მოვიდეს და კითხვებს პასუხი გასცეს. ფრაქციის სხდომა გვექნება და ვიმსჯელებთ, თუ რა საპარლამენტო მექანიზმები უნდა ავამოქმედოთ, რომ მოძალადე „ქართულ ოცნებასა“ და მთავრობას პასუხი მოვთხოვოთ. ენით აღუწერელი დანაშაული მოხდა ჩვენ თვალწინ და ამ ყველაფერს კონკრეტული დამნაშავეები ჰყავს, არა ის ხალხი, ვინც უსწორდებოდა ჟურნალისტებს, არამედ ისინი, ვინც ამ დავალებას გასცემდნენ. ეს იყო კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული სპეცოპერაცია, რომელიც განხორციელდა ოპოზიციური მედიის, ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც შინ გაწერეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.