გიორგი ვაშაძე - გილოცავთ, თამარ ჟვანიას საარჩევნო გაყალბების ეპოქა დასრულებულია
გიორგი ვაშაძე - გილოცავთ, თამარ ჟვანიას საარჩევნო გაყალბების ეპოქა დასრულებულია

თამარ ჟვანიას საარჩევნო გაყალბების ეპოქა დასრულებულია. ყველას გილოცავთ, ეს არის ჩვენი დიდი ბრძოლის შედეგი, რომელმაც მოგვიტანა პირველ რიგში, შარლ მიშელის შეთანხმება, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თამარ ჟვანიას გადადგომა პირველი ნაბიჯია და მნიშვნელოვანია, ყველა რეფორმის იმპლემენტაცია.

სწორედ შარლ მიშელის შეთანხმება დაუდო თამარმა საფუძვლად საკუთარ გადადგომას. ჩვენ ორი დღის წინ მივიღეთ ფუნდამენტური რეფორმები საარჩევნო კუთხით, რათა საარჩევნო თვალსაზრისით საქართველოში არ განმეორდეს იგივე სიყალბე და არ შეიქმნას კიდევ ახალი თამარ ჟვანიები. ის, რომ თამარ ჟვანია გადადგა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა რეფორმის იმპლემენტაცია, განსაკუთრებით ტექნოლოგიების ინტეგრაცია საარჩევნო კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ნდობა არჩევნებთან მიმართებით. იმისთვის, რომ არჩევნების დღე არ იყოს მუდმივად ნერვიულობისა და დაძაბულობის საგანი, არამედ იყოს გარკვეული ნდობა, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავაშენოთ, თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე და რეფერენდუმის დროს, პირველი მნიშვნელოვანი ფაზა იყოს განხორციელებული და დაინერგოს საარჩევნო, როგორც პროცედურული ასევე ტექნოლოგიური ცვლილებები. საბოლოოდ ჩაბეტონდეს ეს ცვლილებები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც დარწმუნებული ვარ, გაიმართება 2022 წელს შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. ყველა სპეკულაცია, რომელიც აქამდე იყო, რისთვის მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი და რა მოგვიტანა შარლ მიშელის დოკუმენტმა, ვხედავთ კონკრეტულ შედეგებს.

ერთი თვის წინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ვეუბნებოდი, რომ გადადგებოდა თამარ ჟვანია, ალბათ აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჯეროდა. დღეს ეს კონკრეტული ნაბიჯი გადადგმულია. ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ, პირიქით გაორმაგებული, გაათმაგებული რესურსებით უნდა დავიწყოთ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიწყოს დემოკრატიის ფუნდამენტის გასწორება არჩევნების, თავისუფალი არჩევანის და რაც მთავარია, ნების დემოკრატიული გამოხატულების, რამაც უნდა მოგვიტანოს ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჟვანიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც ჟვანია აღნიშნავს, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.

დატოვე კომენტარი