გიორგი ვაშაძე - გიგი უგულავამ ღირსეული განცხადება გააკეთა
გიორგი ვაშაძე - გიგი უგულავამ ღირსეული განცხადება გააკეთა

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გიგი უგულავამ ღირსეული განცხადება გააკეთა.

„ეს არის ძალიან ღირსეული განცხადება გიგი უგულავას მხრიდან, მე მხარს ვუჭერ ამ განცხადებას. ეს კონკრეტულად ნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრებია, თუ ადეკვატური ინიციატივა იქნება პარლამენტში საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, მაშინ ოპოზიცია ამას მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, ამას შესაბამისი გამოხმაურება უნდა ჰქონდეს ოპოზიციური დეპუტატებისგან, ვინც პარლამენტშია. თუ ეს იქნება 130-20, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს პროპორციულ მისწრაფებას, მაშინ აუცილებლად მხარდაჭერა უნდა მოხდეს ასეთი წინადადების, თუმცა ეს არ ნიშნავს 110-40 მხარდაჭერას“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება.

გიგი უგულავა მიმართავს თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციის ერთობას, რომ მისი პატიმრობა, შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია.

უგულავას განცხადებით, მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.