გიორგი ვაშაძე - გავეცნობი კადრებს, ძალიან ვწუხვარ, თუ პაატა ბურჭულაძე სანქტ-პეტერბურგში კონცერტზე გამოვიდა
გავეცნობი კადრებს, ძალიან ვწუხვარ, თუ პაატა ბურჭულაძე სანქტ-პეტერბურგში გამოვიდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული კონცერტის კომენტირებისას, რომელსაც ვლადიმერ პუტინი დაესწრო.
„მე არ მინახავს ეს კადრები, გავეცნობი, ძალიან სამწუხაროა, ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთ ფაქტს ქონდა ადგილი“, – განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.
15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.