გიორგი ვაშაძე - გაოცებული ვიყავი, რომ დავინახე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ფოტო უკრაინაში ჩასწრებაზე, უკომენტაროდ, ეს საზოგადოებამ შეაფასოს
გიორგი ვაშაძე - გაოცებული ვიყავი, რომ დავინახე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ფოტო უკრაინაში ჩასწრებაზე, უკომენტაროდ, ეს საზოგადოებამ შეაფასოს

„ქართულ ოცნებას“ უკრაინაში წასვლა არ უნდოდა, „ქართული ოცნება“ უკრაინაში წავიდა სწორედ, ჩვენი, ოპოზიციის და რაც პირველხარისხოვანია, ხალხის მოთხოვნით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მხრიდან „ზედმეტი მოლოდინები“ არ აქვს.

„ქართული ოცნება“ უკრაინაში წავიდა საპარლამენტო დელეგაციის, სწორედ, ჩვენი, ოპოზიციის და რაც პირველხარისხოვანია, ხალხის მოთხოვნით. კარგი იყო თუ არა ეს, ყველა თანხმდება, რომ კარგი და სწორი იყო. მათ შორის „ქართული ოცნებაც“. ანუ ამით ის აღიარებს იმ შეცდომას, რომელსაც უშვებდა საკუთარი პირველი პოზიციის პერიოდში. რაც შეეხება ვიზიტს, მე არ მაქვს ზედმეტი მოლოდინები „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს მათი გადასაწყვეტია. ორ-სამ დღეში ვნახავთ, მათ რიტორიკაში იცვლება თუ არა რამე. მაგალითად, ახლა მყისიერად არის განსახილველი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღება, რომ რუსეთი ვერ შეძლებს სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გავლით. ეს იქნება ჩემთვის ტესტი, არა ის, რომ მაინცდამაინც სანქციებს შეუერთდეს საქართველო, არამედ კონკრეტული ინიციატივა, ადმინისტრაციული აქტები, კანონები, რომელშიც ჩავწერთ, რომ სანქცირებული პროდუქტების ტრანზიტი საქართველოს გავლით აკრძალულია რუსეთის მიმართულებით. მე ასეთ აქტს ჯერ ვერ ვხედავ. ასეთ ინიციატივას არ ვიცნობ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ვაშაძის თქმით, სამწუხაროა, რომ პარტია უკრაინაში ვიზიტისას არ შეუერთდა საპარლამენტო დელეგაციას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა.

„ვწუხვარ, რომ ისინი ამ დელეგაციას არ შეუერთდნენ. ჩემი აზრით, მე არაერთხელ ვთქვი, რომ ეს იყო შეცდომა და ამ შეცდომას იმედია, კარგად გააანალიზებენ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა კომენტარი გააკეთა უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ცალკე გამგზავრებასთან დაკავშირებით.

„ამაზე ჩემი პასუხი იქნება – უკომენტაროდ. საერთოდ გაოცებული ვიყავი, რომ დავინახე მათი ფოტო, უკრაინაში ჩასწრებაზე. უკომენტაროდ, ეს საზოგადოებამ შეაფასოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები – ეკა ხერხეულიძე, კობა ნაყოფია, ნიკა მელია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში ჩავიდნენ.