გიორგი ვაშაძე - გაცილებით მეტი ვიცით, როგორ უნდა მოვხვდეთ პარლამენტთან, შემდგომში მეტი პიკეტირება იქნება
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე, რომელსაც დილიდან პარლამენტის შესასვლელთან არ უშვებდნენ, ცოტა ხნის წინ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მივიდა. მისი თქმით, „იცის გზები, თუ როგორ უნდა მოხვდე პარლამენტთან“.
„მე, უბრალოდ, იმის დასადასტურებლად მოვედი, რომ ძალიან სუსტები არიან. საიდან აღმოვჩნდი აქ, ალბათ მათაც აინტერესებთ, რადგან მე არ მიშვებდნენ. მაგრამ მერე შემოვედი, ჩემი მანქანით შემოვედი, ფეხით არ შემოვსულვარ. მაგას ხომ არ ვიტყვი, როგორ შემოვედი, არავითარი დაბრკოლება არ ყოფილა. ჩემი აქ შემოსვლა არის გაფრთხილება პარლამენტარებისთვის, რომ ჩვენ ვიცით კიდევ სხვა გზები, როგორ უნდა მოვხვდეთ აქ.
ასე რომ, შემდეგი პიკეტირება იქნება გაცილებით რთული თქვენთვის და გაცილებით უარესს მიიღებთ ჩვენგან. როდის იქნება ეს, ჩვენ წინასწარ ჩვენს გეგმებზე არ ვსაუბრობთ ხოლმე. დღეს ხალხი არის ქვემოთ, მე უბრალოდ ახლა შემოვედი აქ იმისთვის, რომ მეჩვენებინა, ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია, ვიდრე ვაკეთებთ. ხალხი არის ქვემოთ, პარლამენტთან, პარლამენტარები კი მიძვრებიან, ჩუმ-ჩუმად შედიან პარლამენტში.
ეს არის გაფრთხილება ჩემგან, რომ გაცილებით მეტი ვიცით, როგორ უნდა მოვხვდეთ აქ და შემდგომში მიიღებთ გაცილებით მეტს პიკეტირების სახით, წინასწარ ჩვენ არასდროს არ ვსაუბრობთ“, – განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.