ფული ვინც მოიპარა, უკან უნდა დააბრუნოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა გიორგი ვაშაძეს კითხვა დაუსვეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც იგი ამბობს: “ივანიშვილი ხომ გპირდებათ, რომ მილიარდნახევარ ლარს მოვიტანო, ხომ იცით, რომ გატყუებთ. მე კიდევ გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს, ისე მოვატანინებთ, როგორც დაგიბარებიათ . . . მე არასდროს მომიტყუებიხართ, გახსოვთ, როგორ მოვატანინეთ ჯოხთაბერიძეს, აკაკი ჩხაიძეს, გზების უფროსს იუზას”.
გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის ასეთ განცხადებას არ იცნობს, თუმცა კორუფციული გზებით ვისაც აქვს ფული ნაძარცვი, სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა დააბრუნონ.
„მე არ ვიცი, რაზე საუბრობს. ერთი რამ ვიცი, რომ კორუფციული გზებით ვისაც აქვს ფული ნაძარცვი ქვეყნიდან, მათ რა თქმა უნდა, სამართლიანი გამოძიებით და სამართლიანი სასამართლოს პირობებში ეს ფული უნდა დააბრუნონ. მაგალითად, ჩვენ პროგრამაში გვაქვს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, უცხოელი მოსამართლეებით, რომლებიც მსგავსი ტიპის საქმეებს განიხილავენ, რომ ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტიდან მოჭრილი იყოს ეს ყველაფერი. ვინც მოიპარა მოპარული ფული, უკან უნდა დააბრუნოს. ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ყველას, არ შეიძლება, ვინმეს ხალხის ძარცვა შერჩეს. კანონი არსებობს ქვეყანაში, ეს კანონი უნდა აღსრულდეს. დანარჩენი თუ რამე კითხვა გაქვთ მიხეილ სააკაშვილთან, შეგიძლიათ „ფეისბუქზე“ მიწეროთ, დაუსვათ ეს კითხვა, დარწმუნებული ვარ, არ დაგზარდებათ, ყველა კითხვაზე გიპასუხებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.