გიორგი ვაშაძე - ერთპროცენტიან შანსსაც არ ვუშვებ, რომ რიგგარეშე არჩევნების ან პოლიტპატიმრების საკითხი შეიძლება საერთოდ ამოვარდეს და მხოლოდ სხვა საკითხებზე მოხდეს შეთანხმება
გიორგი ვაშაძე - ერთპროცენტიან შანსსაც არ ვუშვებ, რომ რიგგარეშე არჩევნების ან პოლიტპატიმრების საკითხი შეიძლება საერთოდ ამოვარდეს და მხოლოდ სხვა საკითხებზე მოხდეს შეთანხმება

ერთპროცენტიან შანსსაც არ ვუშვებ, რომ რიგგარეშე არჩევნების ან პოლიტპატიმრების საკითხი შეიძლება საერთოდ ამოვარდეს და მხოლოდ სხვა საკითხებზე მოხდეს შეთანხმება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ექვსივე საკითხზე შეთანხმება აუცილებელია.

ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოლაპარაკების პროცესი დღეს დასრულდეს.

„ჩემთვის პრინციპულია, რომ ექვსივე საკითხი აუცილებლად იყოს ამ დოკუმენტში და თითოეულზე უნდა შედგეს შეთანხმება. დიდ ანგარიშს გავუწევ ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მგონი, ყველასთვის ცნობილია ჩვენი პოზიციები. საუბრები, რომ რიგგარეშე არჩევნები ან პოლიტპატიმრების საკითხი შეიძლება საერთოდ ამოვარდეს ამ დოკუმენტიდან და მხოლოდ სხვა საკითხებზე მოხდება შეთანხმება, მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ამის ერთპროცენტიან შანსსაც არ ვუშვებ, რადგან ასე არ დგას საკითხი. არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ამ მოლაპარაკებების პროცესზე. ეს ორივე საკითხი აუცილებლად იქნება. ტექნიკის საგანია, რაზე შევთანხმდებით კონკრეტულად.

რთულად წარმომიდგენია, რომ ეს იყოს ბოლო შეხვედრა, იმიტომ, რომ დიდი ხანია, არ შევხვედრივართ და როგორც იცით, პირველად ვხვდებით „ქართულ ოცნებას“. ამიტომ რთულად წარმომიდგენია, რომ ამ შეხვედრაზე დასრულდეს მოლაპარაკების პროცესი“, – განაცხადა ვაშაძემ.