გიორგი ვაშაძე - დავით აღმაშენებელმა აქცია საქართველო იმდროინდელი მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოდ, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც
გიორგი ვაშაძე - დავით აღმაშენებელმა აქცია საქართველო იმდროინდელი მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოდ, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც

დავით აღმაშენებელმა აქცია საქართველო იმდროინდელი მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოდ, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, სადაც დიდგორობა 2020-თან დაკავშირებით პარტიულმა ბლოკმა ღონისძიება გამართა.

„დავით აღმაშენებელმა, როცა ტახტზე ავიდა, კარგად დაინახა იმდროინდელი სამყაროს განვითარების სტანდარტები. დაინახა საქართველოს როლი გლობალურ სამყაროში და აქცია საქართველო იმდროინდელი მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოდ. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი – ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო, აღმშენებლობის გზაზე მდგარი საქართველო.

დღეს ქვეყანაში უმძიმესი ვითარება და უსამართლობაა. აი, ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ ყველამ ერთად აუცილებლად 31 ოქტომბერს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, არ არის სამართლიანი, როდესაც საქართველოს საგარეო ვექტორი მორღვეულია და „სტრატეგიული პარტნიორი აშშ სანქციას სანქციაზე გვადებს“.

„ეს არ არის ის არჩევანი, რომელიც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა გააკეთა, ეს არ არის ის არჩევანი, რომელიც რეფერენდუმის გზით ქართველმა ხალხმა გამოხატა. ეს არის „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის არჩევენი, რომ ბოლომდე მოგვიკლას ჟინი ქვეყნის განვითარების და ყველაზე დიდი უსამართლობა არის ის, რომ დღეს ქართველ ხალხს წართმეული აქვს საკუთარი ქვეყნის სიამაყის განცდა.

აი, ეს სიამაყე უნდა დავაბრუნოთ. ძლიერი საქართველო უნდა შევქმნათ. საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა იყოს ამაყი, რომ არის ძლიერი, ერთიანი საქართველოს შვილი. სწორედ ამ უსამართლობებიდან გამომდინარე, ჩვენ დავაფუძნეთ პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“.

მეგობრებო, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ არის უბრალოდ რაღაც პარტია. ეს არის დიდი მოძრაობა აღმშენებლობის გზაზე, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც უნდა შეიტანოთ წვლილი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. დიახ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გზას უკაფავს ყველა პროფესიონალ ადამიანს, რომ ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობაში. დიახ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის მექანიზმი, რომელიც შედგება ორი კომპონენტისაგან. სტრატეგია, როგორც გაწერილი გეგმა ქვეყნის განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკის განვითარების და აღმშენებლობის – იდეა, რომელმაც უნდა გააერთიანოს სრულიად საქართველო, მთელი ერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.