გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე აშშ-ში გაემგზავრნენ
გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე აშშ-ში გაემგზავრნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე აშშ-ში კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებთან შესახვედრად გაემგზავრნენ.

როგორც გიორგი ვაშაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ში შეხვედრების დროს საუბარი შეეხება რეგიონში შექმნილ მძიმე მდგომარეობას, ასევე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და ნატო-სა და ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის საკითხებს.

„ვისაუბრებთ რეგიონში მიმდინარე მძიმე მდგომარეობაზე და იმაზე, თუ რა მხარდაჭერა სჭირდება საქართველოს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები დავაყენოთ, მაშინ, როცა ხელისუფლება არ აყენებს ასეთ საკითხებს, როგორიცაა იგივე თავდაცვისუნარიანობის გაზრდა საქართველოსთვის, თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატო-სა და ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაცია. იცით, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამერიკული და ევროპული გარანტიის ქვეშ და ამერიკელ პარტნიორებთან ცალსახად გვექნება საუბარი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ შეთანხმების ყველა პუნქტი უნდა შეასრულოს. დარწმუნებული ვარ, ბევრი შეკითხვა იქნება თუნდაც იმ ჩანაწერებზე, რომელიც გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით. საკითხები იქნება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, აშშ-ში 35-მდე შეხვედრა აქვს დაგეგმილი და შეხვედრები რვა დღე გაგრძელდება.