გიორგი ვაშაძე და ბადრი ჯაფარიძე აცხადებენ, რომ მზად არიან, არჩევნების გადადების შესახებ კონსულტაციებში ჩაერთონ
გიორგი ვაშაძე და ბადრი ჯაფარიძე აცხადებენ, რომ მზად არიან, არჩევნების გადადების შესახებ კონსულტაციებში ჩაერთონ

ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მზად ვართ, განვიხილოთ არჩევნების გადადების საკითხი, რადგან ადამიანების სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„გულწრფელად გეტყვით, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. დღეს გამოვედით, რომ იქნებ, ორკვირიანი ფაზა გაგვეკეთებინა, რათა გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს, ამან რაღაც შედეგი გვიჩვენოს, რადგან ჯერჯერობით მძიმდება სიტუაცია. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხი, რადგან ადამიანების სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, არჩევნები რომელ თარიღში ჩატარდება. ორი კვირით იქით იქნება თუ სამი კვირით იქით, არაფერი განსაკუთრებული არ შეიცვლება. მეტსაც გეტყვით, საარჩევნო კამპანიის პრობლემა კი არ არის. გასულ წელსაც თუ ავიღებთ, არჩევნებმა დააჩქარა კორონავირუსის გავრცელება. დეკემბერში მოიმატა, საარჩევნო პერიოდის შემდეგ.

თუ ასე მძიმედ გაგრძელდა ვითარება, ​პირადად მე ნამდვილად არ მიღირს არც ერთი ადამიანის სიცოცხლედ თუნდაც არჩევნების მაინც და მაინც იმ დღეს ჩატარება, მაგრამ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ ამ დისკუსიაში მონაწილეობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, ვისთან ერთად უნდა იმსჯელონ ამ საკითხზე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ყველასთან, როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე ოპოზიციურ პარტიებთან ერთად.

„პოლიტიკა რისთვის გვინდა, ადამიანებისთვის არ გვინდა? ხომ ხალხისთვის გვინდა. გვინდა იმისთვის, რომ ადამიანებს რაღაც გავუკეთოთ. მე მზად ვარ, ამ დისკუსიაში ჩავერთო, რადგან ვფიქრობ, ის ორკვირიანი ჩაკეტვა და ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობის ზრდა თუ არ გავაკეთეთ, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში წავალთ. არსად წავა ეს კორონავირუსი, მასობრივად არის მოდებული. თან ეს დელტა შტამი უფრო სწრაფად გადაეცემა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ორკვირიანი მკაცრი მექანიზმები საჭიროა, რათა გაჩერდეს კორონავირუსის შემდგომი გავრცელება.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მზად არის დისკუსიაში ჩასართავად, მათ შორის, თუ ამის ინიციატორი სახალხო დამცველი იქნება.

„ყოველ შემთხვევაში, მე ვამბობ, რომ ჩვენ ამ დისკუსიაში ჩართვის მზაობა გვაქვს. თუ სახალხო დამცველი იქნება ინიციატორი, მზად ვართ, მივიდეთ მასთან და ვისაუბროთ, რადგან უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანებს, ამისთვის არის პოლიტიკაც და ყველაფერიც“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ ასეთი მძიმე პანდემიური ვითარება იქნება, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება და თუ ხელისუფლება არჩევნების თარიღის ცვლილებას გადაწყვეტს, ამის წინააღმდეგი არ იქნებიან.

„უმძიმესი მდგომარეობაა. ამაზე საუბარი, ალბათ ზედმეტიცაა, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ყველანი, თითოეული ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც შიშით ელოდება მეორე დღის დადგომას, რადგან დღეს ისეთი ტემპით მიდის ინფიცირება, დაზღვეული არავინ არის. ეს შემზარავი ციფრები, რომლებიც ყოველ დილით ქვეყნდება, გუშინ 60 ადამიანი გარდაიცვალა, ეს კატასტროფაა ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის უძვირფასესი. რა თქმა უნდა, თუ ვითარება ასე განვითარდა, თუ ჩვენ ასეთი მძიმე პანდემიური ვითარება გვექნა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. მათ შორის, თუკი ვეღარ მართავს სიტუაციას და როგორც ჩანს, ხელისუფლებას გაექცა მართვის სადავეები, უკვე დიდი ხანია. ამ ვითარებაში შესაძლოა, სწორი გადაწყვეტილება იყოს ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ნებისმიერ ვითარებაში, მიუხედავად ამ რისკებისა, აქტიურად ვიქნებით ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და არჩევნების დღეს ყველას მოვუწოდებთ საარჩევნო ყუთებთან, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნისა და ჩვენი ოჯახების გადარჩენაზე, ეს არის სწორედ გადარჩენის არჩევნები, მაგრამ თუ ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გადასწიოს საარჩევნო თარიღი იმის გამო, რომ პანდემიური ვითარება ყოველდღიურად მძიმდება და ჩვენ გვაქვს ასეთი კატასტროფული შედეგები, პანდემიის გამო ყოველდღიურად ვკარგავთ სიცოცხლეს, 60 ადამიანი გუშინ, ორი დღის წინ 74 ადამიანი. თუ ასეთ გადაწყვეტილებას ხელისუფლება მიიღებს, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ წავალთ. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ხელისუფლების გადასაწყვეტი, თუკი მოხდება არჩევნების გადადება. ჩვენ უნდა ველოდოთ ხელისუფლებისგან ნებისმიერ არაადეკვატურ ნაბიჯს, ამ შემთხვევაში ეს არის იქნებოდა არაადეკვატური ნაბიჯი, მაგრამ ოპოზიციას არ შეუძლია, გადადოს არჩევნები. ეს შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას და პრეზიდენტს შეუძლია, ეს გააკეთოს“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

კითხვაზე, თუ იქნება საუბარი ერთობლივ გადაწყვეტილებაზე, მზად არის თუ არა კონსულტაციებში ჩასართავად, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგნი არ იქნებიან, მაგრამ ეს ხელისუფლების მისაღები გადაწყვეტილებაა.

„ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე, აქედან გამომდინარე, თუკი ასეთი წინადადება იქნება ხელისუფლებისგან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი არ წავალთ, გამომდინარე იმ უმძიმესი პანდემიური ვითარებიდან და იმ შემზარავი რიცხვებიდან, რომლებიც ჩვენ ყოველდღე გვესმის და ვხედავთ, რაც შეეხება გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობას. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთ ნაბიჯს არ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ამას ოპოზიცია ვერ შეცვლის, ვგულისხმობ არჩევნების თარიღს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება წამოიწყებს კონსულტაციებს, ამ კონსულტაციებისთვის მზად იქნებიან.

არჩევნების შესაძლო გადადების შესახებ განცხადება დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გააკეთა. „რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა ასეთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო ტრაგიკული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.