გიორგი ვაშაძე - ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო
გიორგი ვაშაძე - ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო

დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თუ ერთიანი ძალებით ვიმოქმედებთ, შეგვიძლია, მთავრობა ვაიძულოთ, ხელი აიღოს კრიზისის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაზე, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილ შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის გახსნის გეგმაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ხელისუფლება იძულებული გახდა, შეეცვალა საკუთარი პირველადი, მავნებლური გეგმა და გაიზიარა ჩვენს მიერ ორშაბათს, 4 მაისს შეთავაზებული მასობრივი შიმშილისგან თავის არიდებისა და ეკონომიკის სწრაფი ამოქმედების გეგმა, რომელიც გულისხმობს ეკონომიკის ამოქმედებას, რა თქმა უნდა, ეპიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვის პირობებში. კარგია, რომ მთავრობამ ჩვენი გეგმის შესაბამისად ორი თვით გადმოსწია მათ მიერ შიდა ეკონომიკის გახსნისთვის განსაზღვრული თარიღი. ასევე, ჩვენი გეგმის შესაბამისად, წლის ბოლოდან პირველ ივლისამდე გადმოიწია მათ მიერ თავდაპირველად დადგენილმა საზღვრების გახსნის თარიღმაც“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, მთავრობის მიერ შემოთავაზებული გეგმა დაპირებად არ დარჩეს და რეალური ღონისძიებები განხორციელდეს.

„ახლა მთავარია, რომ ეს გეგმები არ დარჩეს დაპირებებად და დროული, რეალური, ქმედითი ღონისძიებები დაიგეგმოს მოსახლეობის შიმშილის საფრთხის არიდებისა და ეკონომიკის სწრაფად გახსნისთვის, მათ შორის, ქვეყნისთვის ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორის გახსნა-ამუშავება, როგორიც არის სამასპინძლო-ტურისტული და ავტომობილების რეექსპორტირების ბიზნესი“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, მოახლოებული სასურსათო კრიზისის ფონზე ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პრიორიტეტი მიენიჭოს სოფლის ხელშეწყობასა და აგროსექტორის განვითარებას.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თუ ერთიანი ძალებით ვიმოქმედებთ, ჩვენ შეგვიძლია, მთავრობა ვაიძულოთ, ხელი აიღოს კრიზისის საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური მიზნებისთვის გამოყენებაზე, მაგრამ ეს არ არის გარანტია, რომ თუ ხვალ მოვდუნდებით ხელისუფლება იმავეს არ შეეცდება სხვადასხვა მიმართულებით. მჯერა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, საერთო ძალისხმევით თავს დავაღწევთ როგორც კორონა​​ვირუსს, ისე მასთან დაკავშირებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს“, – დასძინა გიორგი ვაშაძემ.