გიორგი ვაშაძე - ჩვენი ამოცანა არ არის, ყველა ერთ კოალიციაში იყოს, ჩვენი ამოცანაა ქმედებების სინერგია გვქონდეს, ქართველ ამომრჩეველსაც აქვს განსხვავებული გემოვნება
გიორგი ვაშაძე - ჩვენი ამოცანა არ არის, ყველა ერთ კოალიციაში იყოს, ჩვენი ამოცანაა ქმედებების სინერგია გვქონდეს, ქართველ ამომრჩეველსაც აქვს განსხვავებული გემოვნება

„ახალი საქართველოს“ გუნდი ვართ კოალიციაში „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია” და ამ კოალიციით ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ სხვა სუბიექტებსაც ექნებათ აღნიშნულ კოალიციაში შესვლის სურვილი, „ძალა ერთობაშია” ამას განიხილავს, თუმცა ყველას ერთ კოალიციაში ყოფნა ამოცანა არ არის, მთავარია ქმედებების სინერგია.

„შეგიძლიათ, ნახოთ ყველა კვლევა, „ახალი საქართველოს“ გუნდს აქვს ყველაზე მზარდი რეიტინგი, მართლა ასეა. ჩვენ ვართ კოალიციაში „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია” და ამ კოალიციით ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას. თუ სხვა სუბიექტებს ენდომებათ კოლიციაში „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია” შემოსვლა, მზად ვართ, განვიხილოთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ყველა ერთ კოალიციაში იყოს. ჩვენი ამოცანაა, სინერგია გვქონდეს ქმედებების და უნდა ვიცოდეთ, რომ ქართველ ამომრჩეველსაც აქვს განსხვავებული გემოვნება. ერთი გემოს მომატებით მეორე გემო არ უნდა დავძალოთ ბოლომდე. ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც კოალიციურ მმართველობას შექმნის ქვეყანაში, გაუშვებს „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში. მინდა, მათ  ვუთხრა – ესეც არ არის არმაგედონი და ამით არ მთავრდება ცხოვრება, გადავიდნენ ოპოზიციაში და იქნებ, პროფესიონალიზმი მაინც გაეზარდოთ, რომელიც ასე აკლიათ დღეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი