გიორგი ვაშაძე - ჩვენ დღეს ვნახეთ ხმააკანკალებული პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
გიორგი ვაშაძე - ჩვენ დღეს ვნახეთ ხმააკანკალებული პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

ჩვენ დღეს ვნახეთ ხმააკანკალებული, კორუფციაში ჩაფლული პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, აბსოლუტურად არაადეკვატური შეფასება არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში იგებს გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ამიტომ კეთდება “ქართული ოცნების” მხრიდან არაადეკვატური განცხადებები.

„პირველ რიგში, მას მინდა მივმართო, კარგად წაიკითხეთ, ჩემს უკან რა წერია. ეს არის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“. აქ შედის ძალიან ბევრი ჩვენი პოლიტიკური სპექტრის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი. სწორედ ამ დიდი გაერთიანების გეშინიათ თქვენ, სწორედ ამიტომ ყველა კვლევა გიჩვენებთ, რომ თქვენი დღეები დათვლილია და ამ არჩევნებში იგებს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, ჩვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და იმიტომაც არის, რომ თქვენი მხრიდან ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ. რაც შეეხება განცხადების შინაარსს, სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ანტისახელმწიფოებრივი ნარატივის გაგრძელება, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, თითქოს ორი რეგიონი ჩააბარა რუსეთს მაშინდელმა ხელისუფლებამ. ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადებები”, – განაცხადა ვაშაძემ.

ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ოპონენტები წარმართავენ ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც აგებულია შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფასა და პროვოკაციებზე.