ირაკლი კობახიძე - ოპონენტები წარმართავენ ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც აგებულია შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფასა და პროვოკაციებზე
ირაკლი კობახიძე - ოპონენტები წარმართავენ ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც აგებულია შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფასა და პროვოკაციებზე

ჩვენი საარჩევნო ოპონენტები წარმართავენ ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც აგებულია შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფასა და პროვოკაციებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სურს, წარიმართოს ევროპული სტილის კამპანია, სადაც სუბიექტები ერთმანეთს ესაუბრებიან საკუთარ ხედვებზე.

„ჩვენი საარჩევნო ოპონენტები წარმართავენ ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც აგებულია შავ პიარზე, დეზინფორმაციაზე, პიროვნულ შეურაცხყოფასა და პროვოკაციებზე. ამ ყველაფრის მიზანია დესტაბილიზაციის ხელოვნურად გამოწვევა, რასაც ბუნებრივია, არ დავუშვებთ. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ ფონზე აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უნდა გახდეს პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირი, რომელიც არ უნდა ემსახურებოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის სუბიექტურ ინტერესებს. ამ ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული მედია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მხარდამჭერთა გაყალბებული სიები არის “ნაციონალური მოძრაობის” სტილი, ისინი პატივს არ სცემენ არც საკუთარ და არც სხვის ამომრჩევლებს.

„მათ წარადგინეს გაყალბებული საარჩევნო სიები ცესკო-ში, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული ყველაფერთან ერთად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტილი, რომელიც ჩვენ განსაკუთრებულად კარგად გვახსვოს 2012 წლის არჩევნებიდან, ასევე 2016 და2017 წლების საარჩევნო კამპანიებიდან. მინდა, ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ პრობლემაზე, ეს არის ფიქტიური ბლოკების პრობლემა, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. როგორც მოგეხსენებათ, შექმნილია რეგისტრირებული ფიქტიურ სუბიექტები და ამ ფიქტიური სუბიექტების წყალობით, „ნაციონალური მოძრაობა“ იღებს დამატებით დაფინანსებას საარჩევნო ადმინისტრაციიდან და ასევე იღებენ უფასო საეთერო დროს დამატებით. ეს არის მანიპულირება და პრობლემა საარჩევნო თვალსაზრისით, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.