გიორგი ვაშაძე - ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატზე როგორმე უნდა შევჯერდეთ, მნიშვნელოვანია, კანდიდატს სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს
გიორგი ვაშაძე - ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატზე როგორმე უნდა შევჯერდეთ, მნიშვნელოვანია, კანდიდატს სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევად შექმნილ კომისიაში რამდენიმე კანდიდატურა საკმაოდ კარგია.

ვაშაძე მოუწოდებს ყველას, ვისაც სურს, რომ ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეიტანოს, კონკურსში მონაწილეობა მიიღონ.

„ამ კომისიაში რამდენიმე კანდიდატურა საკმაოდ კარგია. პირდაპირ რომ გითხრათ, ზოგიერთი საერთოდ არ ვიცი, ვინ არის. უნდა გავერკვე, საერთოდ ვინ არის. ზოგადად, ასეთი მაღალი მნიშვნელობის საკითხზე როცა გვაქვს საუბარი, უნდა შევთანხმდეთ, რომ აუცილებელია, საქმიანი რეპუტაციიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები იყვნენ.

რაც შეეხება კომისიას, სწორედ ამიტომ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად დეტალურად გავწერეთ, რომ კომისიის თითოეულმა წევრმა უნდა დაასაბუთოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გადაწყვეტილება. ჩვენი ამოცანაა, სწორმა, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა შეიტანონ კონკურსში განაცხადი. მოვუწოდებ ყველას, ვისაც უნდა, რომ ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეიტანოს, მიიღეთ ამ კონკურსში მონაწილეობა. ისე არ მოხდეს, რომ 2-3 კანდიდატს, ცუდსა და უარესს შორის იყოს არჩევანი გასაკეთებელი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე, საკითხზე საუბრისას ვაშაძემ აღნიშნა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატის შერჩევისას მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს სტრესულ ვითარებაში მუშაობის გამოცდილებაზე.

„აქვე ცესკო-ს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატს და ცესკო-ს წევრებს სტრესტესტი უნდა ჰქონდეთ გავლილი. რას ნიშნავს სტრესტესტი? სტრესულ ვითარებაში, როცა ხელისუფლება ზემოქმედებას ახორციელებს მასზე, საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა ჰქონდეს ეს ტესტი გავლილი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიღებული. პატივს ვცემ ძალიან ბევრ დამოუკიდებელ ექსპერტს, „ენჯეოს“ თანამშრომელს და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანს გავლილი ჰქონდეს სტრესტესტი. სამწუხაროდ, თამარ ჟვანიაც სამოქალაქო სექტორიდან მოდიოდა და შემდეგ მთავარ გამყალბებლად ჩამოყალიბდა, რადგან მას არ ჰქონდა სტრესტესტი გავლილი. რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, არ ვიცი, აპირებს თუ არა ის მონაწილეობის მიღებას, მაგრამ მას სტერსტესტი გავლილი აქვს, როგორც სახალხო დამცველს, და არიან სხვა ადამიანებიც. ძალიან რთულად წარმომიდგენია შეჯერება ერთ კანდიდატზე, მაგრამ ჟურნალისტების, სამოქალაქო სექტორის, საზოგადოების დახმარებით, როგორმე უნდა მოვახერხოთ. თუ ეს არ მოხდა, ცესკო-ს თავმჯდომარე იქნება დროებითი და ყოველ 6 თვეში მოგვიწევს ახალ კანდიდატზე შეთანხმება. არ მყავს არავინ შერჩეული. ვფიქრობ, ყველაზე დიდი 10-15 ადამიანი თუ მოიძებნება  საქართველოში, ვისაც სტრესტესტი გავლილი აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევად, კომისია შეიქმნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განკარგულებით გამოცხადდა ღია კონკურსი ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად.