გიორგი ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ კატასტროფულად ვარდება მათი რეიტინგი
გიორგი ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ კატასტროფულად ვარდება მათი რეიტინგი

„ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ კატასტროფულად ვარდება მათი რეიტინგი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვაშაძის განცხადებით, მმართველ გუნდს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, რადგან ხალხს გაჭირვება ყელში ამოუვიდა.

„ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ კატასტროფულად ვარდება მათი რეიტინგი, რეალურად აგებენ არჩევნებში და უნდათ, ასეთი ხელოვნური განცხადებებით რაღაცნაირად შეინარჩუნონ ამომრჩეველი. თქვენ ნახავთ, რომ მათ ძალიან დაბალი რეიტინგი ექნებათ, რადგან ხალხს ყელში ამოუვიდა გაჭირვება, მანიპულაციები, მოტყუება, უამრავი დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს და ხალხს უნდა აღმშენებლობა. ამ არჩევნებზე არჩევანი მარტივია – ფულის მკეთებელთა გუნდი, ივანიშვილის გუნდის სახით და საქმის მკეთებელთა გუნდი,  „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გუშინ გავრცელებულ მიმართვაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი 54-დან 60 პროცენტამდე მერყეობს, რიგ შემთხვევებში კი 63 პროცენტსაც აჭარბებს. ამასთან, მან მხარდამჭერებს მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციებს. მისივე განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.