გიორგი ვაშაძე - არჩილ თალაკვაძის გადადგომით საბოლოოდ გაფორმდა, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხებულად მიიჩნევს თავს შარლ მიშელის შეთანხმებაში
გიორგი ვაშაძე - არჩილ თალაკვაძის გადადგომით საბოლოოდ გაფორმდა, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხებულად მიიჩნევს თავს შარლ მიშელის შეთანხმებაში

დღეს თალაკვაძის გადადგომით საბოლოოდ გაფორმდა, რომ „ქართული ოცნება“ თავს თვლის დამარცხებულად ამ შეთანხმებაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მოუწია ეღიარებინა, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები და მოუწია დათანხმებოდა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმს.

„მათ მოუწიათ ეღიარებინათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა და ფაქტობრივად ხალხის ხმით რეფერენდუმი ჩაიდო ამ შეთანხმებაში, რომელიც გაფორმდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი ოპოზიციური კოლეგა კვლავ აგრძელებს და უნდა რომ კვლავ ოპოზიციის მარცხად გააფორმოს ეს. ეს უბრალოდ სიჯიუტე მგონია დღევანდელი დღის მერე და მეტი არაფერი. მე მგონი ახლა იმის დრო არის, რომ ყველა ერთად გავერთიანდეთ და მაქსიმალურად საქმეზე ვიყოთ ორიენტირებულები. თალაკვაძე ნამდვილად ამ მოლაპარაკებებში იყო უფრო კონსტრუქციული მხარე „ქართული ოცნების“. თალაკვაძის გადადგომით „ქართული ოცნება“ ვერც ერთ შემთხვევაში უკან ვერ წაიღებს შეთანხმების ვერც ერთ კომპონენტს რადგან ამ შეთანხმებას აქვს არა მხოლოდ ტექსტი, არამედ კონკრეტული ვადები გაწერილი და ამ შეთანხმების რეალიზება არის მიბმული საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებაზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ახლა ბევრი იქნება დამოკიდებული კახა კუჭავაზე, რომ შარლ მიშელის შეთანხმება შესრულდეს.

„რამდენიმე დღეში დავინახავთ, რა სტრატეგიას ირჩევს კახა კუჭავა შეთანხმებასთან მიმართებაში. ადამიანების ცვლილება არ ნიშნავს პასუხისმგებლობის ცვლილებას. პასუხისმგებლობა რაზეც არის შეთანხმებაში ყველაფერი უნდა შეიკრას და გაფორმდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.