გიორგი ვაშაძე - არავინ არსად გადადგება, თუ 2 ოქტომბერს არ მივედით და არ გადავაყენეთ ხელისუფლება, არჩევნები იმისთვის არსებობს, რომ უკანონობებს გავცეთ პასუხი
გიორგი ვაშაძე - არავინ არსად გადადგება, თუ 2 ოქტომბერს არ მივედით და არ გადავაყენეთ ხელისუფლება, არჩევნები იმისთვის არსებობს, რომ უკანონობებს გავცეთ პასუხი

არავინ არსად გადადგება, თუ 2 ოქტომბერს არ მივედით და ჩვენ არ გადავაყენეთ ეს ხელისუფლება, არჩევნები იმისთვის არსებობს, რომ უკანონობებს გავცეთ პასუხი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დღევანდელ განცხადებაზე.

მისი თქმით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები „კორდონებით მივიდნენ და ხალხისგან დისტანცირებულები იყვნენ“.

„დღესაც ნახეთ, ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორი კორდონებით მოვიდნენ და ხალხისგან რამდენად დისტანცირებულები არიან. ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ხალხს კი არ ემსახურებიან, ემსახურებიან საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს. არავინ არსად არ გადადგება, თუ 2 ოქტომბერს არ მივედით და ჩვენ არ გადავაყენეთ ეს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, უკანონობას გააგრძელებენ. ვინმე ელოდით, რომ სუს-ი, შსს, პროკურატურა უცებ სამართლიანი გახდებოდა, საკუთარ თავს დაიჭერდა ან საკუთარ თავს დაკითხავდა? ამის მოლოდინი ტყუილად ნუ გვაქვს. ახლა ჯერი არის ჩვენზე, არჩევნები ქვეყანაში იმისთვის არსებობს, რომ უკანონობებს გავცეთ პასუხი. ამიტომ შაბათს უნდა მივიდეთ და გადავაყენოთ ლილუაშვილიც, ღარიბაშვილიც, ყველა მინისტრი და გავატანოთ წარსულს, რომლის დაბრუნება არავის აღარ უნდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებენ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება და საზოგადოება უნდა დაელოდოს გამოძიებას.

„პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება. დაელოდეთ გამოძიებას, რომელიც საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს. გამოძიების შედეგად დადგინდება, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. გაირკვევა სიმართლე და ყველას თავის საკადრისი პასუხი გაეცემა. სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში და ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.