გიორგი ვაშაძე - არასწორად გაიგეს ჩემი განცხადება, არსად მითქვამს, რომ ვინმე გაერთიანებიდან გადის
როგორი ფორმით წარვდგებით არჩევნებზე, ამ საკითხზე საერთო შეკრება გვექნება, სადაც მშვიდად და წყნარად დავსხდებით, მივიღებთ საერთო შეთანხმებას, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ გეგმებზე საუბრისას.
„მთავარი ჩემთვის არის, რომ დიდი ერთიანობა, თავისი მრავალფეროვნებით, არის გამარჯვების ფორმულა ამ არჩევნებში. მაჟორიტარულ ბლოკებში მაქსიმალურად ფართო თანამშრომლობა, პროპორციულ ნაწილში კი, ყველა ოპოზიციური ხმის წამოღება, რომ რაც შეიძლება ცოტა დავუტოვოთ „ქართულ ოცნებას“. ამ პირობებში საქართველოს მოქალაქეებს გარანტიას ვაძლევთ, რომ 32 პროცენტზე მეტს „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს.
არასწორად იყო გაგებული ჩემი განცხადება, რომ ის გადის და ეს გამოდის, დავსხდებით და დავილაპარაკებთ. არავინ არსად გადის, ჩვენ ვართ ამ დიდ მრავალფეროვან კოალიციაში, ერთიანობაში, საერთო ოპოზიციურ ფორმატში, რაც არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, რომ გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში.
არსად მითქვამს, რომ ვინმე გადის, ბევრი სხვადასხვა ტიპის მსჯელობა მიდის. მე ვაკეთებ ყველა მონაცემის სიღრმისეულ ანალიზს და გეუბნებით, რომ გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა მრავალფეროვნებით, გაერთიანება მრავალფეროვნებით“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ამასთან, ვაშაძე სთავაზობს ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომლითაც თავს არ დაესხმებიან ერთმანეთს.
„ვთავაზობ ყველა ოპოზიციურ პარტიას, მოვაწეროთ ხელი, რომ არ შევკრავთ კოალიციას „ქართულ ოცნებასთან“, რომ საერთო ოპოზიციურ ფრონტს შევინარჩუნებთ, რათა გაყალბების შესაძლებლობა არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“. არ დავესხათ თავს ერთმანეთს, რადგან ეს უნდა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად ჩემზე თავდასხმებისა, მე არ ავყევი არც ერთს და არ გავეცი პასუხი არც ერთს. მზად ვარ, ცალმხრივად გავაგრძელო ეს სტრატეგია, რადგან ვიცი, რომ ეს უნდა ხალხს და არ არის დრო ვიწრო პარტიული ინტერესებისა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ გუშინ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, „არ დავმალავ, არის საუბარი გაერთიანებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თაობაზე“. „რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, „ძალა ერთობაშიას“, არის ასეთი საუბარი, არ დაგიმალავთ, რომ მოხდეს გარკვეულწილად დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოპოვებული იყოს ყველა ოპოზიციური ხმა და არც ერთი ხმა არ დავკარგოთ, ჩვენი კვლევები და მონაცემებიც ამას უჩვენებს. შესაბამისად, ნამდვილად, „ნაციონალური მოძრაობაც“ ფიქრობს, მიიღოს მონაწილეობა არა ერთად, არამედ ცალკე, ჩვენც ცალკე და ა.შ.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.