გიორგი ვაშაძე - არ დარჩება სექტორი, სადაც დიდ ტრანსფორმაციას არ დავიწყებთ, სწორედ ხელისუფლების შეცვლაზე გადის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა
გიორგი ვაშაძე - არ დარჩება სექტორი, სადაც დიდ ტრანსფორმაციას არ დავიწყებთ, სწორედ ხელისუფლების შეცვლაზე გადის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი გადალახულია, ჩვენ ახლა აქტიური მუშაობის ფაზაში გადავედით და თქვენ ნახავთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღიურად გაიზრდება, რადგან ხალხისთვის სასიკეთო საქმე, გვინდა, ვაკეთოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ვინც დაინახავს ახალ კოალიციურ მექანიზმში თავის თავს, ყველასთვის არის კარი ღია.

„ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქტიური როლი უნდა ჰქონდეს სწორედ იმ განმათავისუფლებელ მოძრაობაში, მე ამას დავარქმევდი, რაც ნიშნავს რუსი აგენტების, ფარცხალაძეების და სხვებისგან საქართველოს გათავისუფლებას. ეს არის მთელი შინაარსი და დაველოდოთ, აუცილებლად ვნახავთ ამ აქტიურ ქმედებებს. როგორც არ უნდა დამთავრდეს დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი, ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ვერ გავხდებით და იმ სიკეთეებს ვერ მოვიტანთ, რაც ჩვენ გვჭირდება საქართველოსთვის. ამიტომ ხელისუფლების ცვლილების ამოცანა ჩავთვალოთ ჩვენს ეროვნულ ამოცანად, რომ საქართველომ დაიწყოს სწრაფი განვითარება და ევროპული ცხოვრების სტანდარტი, კეთილდღეობა, მშვიდობა მოვიტანოთ საქართველოსთვის. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უკუსვლის სიმბოლოდ ქცეული ივანიშვილ-„ქართული ოცნების“ რუსეთზე ჭიპლარით გამობმული რეჟიმის ცვლილება. სხვანაირად არ გვეშველება. პენსიონერსაც ექნება ღირსეული პენსია, ახალგაზრდა ადამიანს ექნება განვითარების შესაძლებლობა, უმუშევარს – სამუშაო ადგილი, ცოდნის მიღების მსურველს უმაღლესი სტანდარტის განათლებას მივცემთ. არ დარჩება სექტორი, სადაც დიდ ტრანსფორმაციას არ დავიწყებთ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ბოლოს სწორედ ხელისუფლების შეცვლაზე გადის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა“, – განაცხადა ვაშაძემ.