გიორგი ვაშაძე - ამერიკელი მეგობრები შეთანხმებისკენ, კომპრომისებისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ საკითხის გადაწყვეტის მექანიზმი უფრო მეტად „ქართული ოცნების“ ხელშია
გიორგი ვაშაძე - ამერიკელი მეგობრები შეთანხმებისკენ, კომპრომისებისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ საკითხის გადაწყვეტის მექანიზმი უფრო მეტად „ქართული ოცნების“ ხელშია

ჩვენი ევროპელი, ამერიკელი მეგობრები რა თქმა უნდა, მოგვიწოდებენ შეთანხმებისკენ, კომპრომისებისკენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ უფრო მეტად „ქართული ოცნების“ ხელში არის გადაწყვეტის მექანიზმი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვაშაძე ამბობს, პარლამენტში ხელაღებით, შეთანხმების გარეშე შესვლას არც კი განიხილავენ.

„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქვე ხაზგასმით ვიტყვი, რომ პარლამენტში ხელაღებით შესვლა, შეთანხმების გარეშე საკითხს არც კი განვიხილავ. ჩვენი ევროპელი, ამერიკელი მეგობრები რა თქმა უნდა, მოგვიწოდებენ შეთანხმებისკენ, მოგვიწოდებენ კომპრომისებისკენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ კონკრეტული წინადადებები თუ რამეს განიხილავს „ქართული ოცნება“ ანუ, უფრო მეტად მათ ხელში არის გადაწყვეტის მექანიზმი და არა ჩვენს ხელში. კვლავ დავაფიქსირე ის პოზიციები, რაც არაერთხელ დაუფიქსირებია ყველა ოპოზიციურ პარტიას და პირდაპირ ვამბობ, ჩემთვის როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქისთვის, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისა და ევროკავშირის პოზიცია, ამ შემთხვევაში, შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქვე ხაზგასმით ვიტყვი, რომ პარლამენტში ხელაღებით შესვლა, შეთანხმების გარეშე საკითხს არც კი განვიხილავ. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი გარდა იმისა, რაც ჩვენ დავაყენეთ ოპოზიციურმა პარტიებმა, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, არც ერთი წინადადება არ მომისმენია „ქართული ოცნების“ მხრიდან და შესაბამისად, რაზე უნდა ვისაუბროთ. ის, რაც ჩვენ ვთქვით, შეთანხმების შინაარსის სახით ჯერ ჯერობით ეს არის განრიგი, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, კითხვაზე: „რა ზრის ხართ ნინო ბურჯანაძის განცხდებაზე, რომ ახლა მეცხრე მოწვევის პარლამენტმა გააგრძელოს ფუნქციონირება, მოხდეს ადმინისტრაციის ცვლილება და შემდეგ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს“, ვაშაძემ აღნიშნა, რომ პროცედურამდე შეთანხმება ჯერ ძირითად საკითხებზე უნდა მოხდეს.

„იმისათვის, რომ ამ პროცედურულ საკითხებზე დაიწყოს საუბარი, ჯერ ძირეულ საკითხებზე უნდა მოხდეს შეთანხმება ხომ? პროცედურაზე როგორ ვილაპარაკოთ ახლა, როცა არა ვართ შეთანხმებული ძირეულ საკითხებზე, ჩემთვის როგორც ხელახალი არჩევნებია მნიშვნელოვანი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს. პირდაპირ ვამბობ, მე თამარ ჟვანიას და ამ ტიპის კომისიებით და ამ ტიპის საარჩევნო წესებით დაკომოლექტებულ და ორგანიზებულ არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვეღარ ვხედავ. უბრალოდ ხალხნო, დრო მოჭამა ამ სისტემამ, დაძველდა. აი, რაღაცა საოცარი მექანიზმი აქვს უკვე „ქართულ ოცნებას“ ჩამოყალიბებული გაყალბების, 15-კომპონენტიანი მექანიზმი, ნეტა, ასე ქვეყნის ეკონომიკაზე და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვდნენ, როგორც არჩევნების გაყალბება დაამუღამეს და დაამუშავეს. ამიტომ, ერთადერთი გზა არის, რომ ეს წესები ყველაფერი უნდა შეიცვალოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ კუთხითაც გვქონდა დეტალური საუბარი, ავუხსენი რომ ერთ თვეში რომ იყოს არჩევნები და იმავე წესებით შევდივარ ამ არჩევნებში? ესეც წარმოუდგენელია, ხომ ხვდებით არა? აბსოლუტური თანხმობაა, ახლა მგონია, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშიც ძალიან კარგად ჩანდა, რომ ელჩებს კარგად ესმით ამ პოზიციის, რომ უბრალოდ დრო მოჭამა საბჭოთა მიდგომამ არჩევნების დროს. მარტივი, ქვეყანა გვინდა, სადაც ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, ვაგდებთ ბიულეტენს ან ონლაინ ვაძლევ ხმას, ვიღებ მონაწილეობას და ჩემი ხმა აისახება ისე, როგორც მივეცი ხმა და ჩემი აზრით, ამით დამშვიდდება ქვეყნის განვითარების პროცესი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.