გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებს შესაძლოა, ხვალ შეხვდნენ და შეჯერებული პოზიცია გააცნონ
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებს შესაძლოა, ხვალ შეხვდნენ და შეჯერებული პოზიცია გააცნონ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებს შესაძლოა, ხვალ შეხვდნენ და გააცნონ შეჯერებული პოზიცია.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის  ძალიან სერიოზული და კარგი სამუშაო შეხვედრა შედგა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ ერთიანობა შევინარჩუნეთ და საერთო პოზიციაზე ვდგავართ. იყო ძალიან ბევრი საკითხი განხილული, დეტალებში ვერ შევალ. დღეს დღის ბოლომდე ჩამოყალიბდება ეს საკითხები და ჩვენი მოლოდინია, რომ შევხვდებით დიპლომატიურ კორპუსს, ალბათ ხვალ და ამ განახლებულ პოზიციებს აუცილებლად ვამცნობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ, ოპოზიციამ ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ, ადეკვატურად შევაფასოთ ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარება. გარკვეული ინფორმაციები, რაც იყო დიპლომატების მიერ მოწოდებული, იმაზე დაყრდნობით, რაღაც ახალ კონსტრუქციებს ვაკეთებთ. რა მივამატეთ მოთხოვნებს და რა ფორმაცია აქვს, ამ ყველაფერზე საბოლოო დოკუმენტი რომ შეჯერდება, შემდეგ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ. ვიდრე შეთანხმება არ შედგება, არავინ არც კი განიხილავს პარლამენტში შესვლას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე რაზე იკამათეს, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ კამათი იყო სხვადასხვა საკითხებზე.

„ვიკამათეთ სტრატეგიაზე, ვიკამათეთ საკითხებზე, რა უფრო მნიშვნელოვანია, როგორი უფრო მნიშვნელოვანია. პირველად საქართველო ეღირსა იმას, რომ არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, რომელსაც ჰყავს თავის მხარდამჭერები. მთავარია, შეხვედრიდან შეთანხმებული პოზიციით გამოვედით. ამ შეჯერებული პოზიციით, როგორც კი ჩვენ დიპლომატებთან გვექნება შეხვედრა, ამის შემდეგ საჯარო გახდება ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.