გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთად გადავწყვეტს, ვინ იქნება შუალედურ არჩევნებზე მათი კანდიდატურა
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთად გადავწყვეტს, ვინ იქნება შუალედურ არჩევნებზე მათი კანდიდატურა

ჩვენ მივდივართ გაერთიანებისკენ, ვინც ამ ერთიან ფრონტში მიიღებს მონაწილეობას, ყველასთან მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რომ საქართველოს ეს უბედურება, ჭირი მოვაშოროთ, რაც დღეს სჭირს, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთად გადავწყვეტს, ვინ იქნება შუალედურ არჩევნებზე მათი კანდიდატურა.

„არანაირი „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატურა. გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივად იღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებაში და ჩვენ ერთად გადავწყვეტთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ვინც არ შედის გაერთიანებულ ოპოზიციაში, ვინ იქნება კანდიდატურა. კანდიდატები არის, ვიხილავთ სხვადასხვა კანდიდატებს. საბოლოო პასუხზე როგორც კი ჩამოვყალიბდებით, ყველაფერს გეტყვით. ჩვენ მივდივართ გეგმაზომიერად. ძალიან კარგად გვქვს გათვლილი ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორ უნდა მოვიყვანოთ საქართველოში სიკეთე“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელია თუ გადაწყვეტს, მიიღოს მონაწილეობა ზუგდიდის მერის არჩევნებში, ის გაიმარჯვებს.

„ვნახოთ, ნიკა მელია არის ძალიან ღირსეული ადამიანი და თუ ის გადაწყვეტს, მიიღოს ზუგდიდში მონაწილეობა არჩევნებში, ვფიქრობ, ის გაიმარჯვებს. დანარჩენი უკვე შიდა დისკუსიებსა და მსჯელობებზეა, ჩვენი სტრატეგიისთვის რა უკეთესია. ჩვენ ერთი რამ ვთქვით – ყველა პერსონალურ ამბიციას გადადებს უკან, წინ ვდებთ საქართველოს, სახელმწიფო ინტერესებს, თითოეული ადამიანის ინტერესებს და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ“,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორც შეძლებს ბრალდებული დავით კირკიტაძე არჩევნებში კანდიდატურის დასახელებას, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.

„ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება ეს. დავით კირკიტაძე არის უკანონო პატიმარი. დანარჩენ ჩვენ გადაწყვეტილებებს აუცილებლად გაცნობებთ. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ის ძალიან მალე გამოვა საპატიმროდან“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.