გიორგი ვაშაძე - 110/40-ზე შეთავაზებას არ დავეთანხმებით
გიორგი ვაშაძე - 110/40-ზე შეთავაზებას არ დავეთანხმებით

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია 110/40-ზე შეთავაზებას არ დასთანხმდება.

მისი თქმით,  აღნიშნული შეთავაზება პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული არ არის და არც იმას უზრუნველყოფს, რომ 40 %-ზე ნაკლების მხარდაჭერის მქონე პარტიამ მთავრობა ვერ დააკომპლექტოს.

„კონკრეტულად არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა, ზოგადად, 100/40-მა გაიჟღერა შეხვედრაზე, მაგრამ მერე თქვეს, რომ არ არის ჩვენი შეთავაზებაო. მაგრამ რომც იყოს, ჩვენ არ ვეთანხმებით. ვერ მოვატყუებ ჩვენს მხარდამჭერებს, ეს არ არის პროპორციული მისწრაფება. ადგილებით არ ვვაჭრობთ, არც მანდატებით ვვაჭრობთ. ისეთი წნეხის ქვეშ არის „ქართული ოცნება“, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, რომ იძულებულია, რაღაც პროცესი დაიწყოს. ასე რომ, დასხდნენ და მოიფიქრონ. არ ეთანხმებიან ჩვენს გერმანულ მოდელს? – მოიფიქრონ თვითონ. ეჭვი მაქვს, ცდილობენ პროცესის გაწელვას, რომ საარჩევნო კამპანია ვერ დავიწყოთ და ასე შემდეგ. ოპოზიციას სტრატეგია აქვს, მაჟორიტარებზე თანამშრომლობა და ყველა ოპოზიციური ძალის თანამშრომლობა არჩევნებში. ახლა „ქართულმა ოცნება“ გადაწყვეტს; თუ ისინი არანაირ დათმობაზე არ მიდიან, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უდრის შავ სიაში შეყვანილ პოლიტიკურ ძალას დასავლეთისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, მიუღებელია კანონმდებლობაში იმის ჩაწერაც, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობას ვერ დააკომპლექტებს

„სრული აბსურდი მგონია ასეთი პირდაპირი ჩანაწერი კანონში. ასეთ პრეცედენტს მსოფლიოში არ ვიცნობ და ხელს არ მოვაწერ იმაზე, რაც ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი და არასწორია. ასეთ არაადეკვატურ ცნებებზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის მაჟორიტარულ ოლქებად მეტნაკლებად გონივრულად დაყოფაზე საუბარი შესაძლებელია, თუ საკითხი შეეხება ორმოც მაჟორიტარულ ოლქს.