გიორგი ვაშაძე - 110/40-ზე საარჩევნო სისტემას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ
გიორგი ვაშაძე - 110/40-ზე საარჩევნო სისტემას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ

110/40-ზე საარჩევნო სისტემას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, რადგან ვერ მოვატყუებთ ხალხს, რომ ეს არის პროპორციული არჩევნებისკენ გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ პარტია “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მათ სურთ „დემოკრატიული პროპორციული არჩევნები, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება გარანტია, რომ ვისაც ხმას აძლევს, ის არის პროპორციულად წარმოდგენილი პარლამენტში“.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი მხრიდან, რომ „ქართული ოცნება“ უკან იხევს, რადგან ის არის უმძიმეს ვითარებაში, არ გაუვიდა ეს მსოფლიო თაღლითობა, რომლიც მას ჰქონდა. პირდაპირ გეუბნებით, ცალკე აღებულს 110/40 ზე ჩვენ ვერ დავთანხმდებით. ვერ დავთანხმდებით, რადგან ვერ მოვატყუებთ ხალხს, რომ ეს არის პროპორციულისკენ გადადგმული ნაბიჯები. ვერ დავთანხმდებით, რადგან ჩვენთვის სკამებით და თითო ადგილით ვაჭრობას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენთვის მთავარია ის მისწრაფება, რაც გვქონდა ამ საპროტესტო ტალღის დაწყების დღიდან. და ეს რა იყო – გვინდა ნორმალური, დემოკრატიული პროპორციული არჩევნები, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება გარანტია, რომ ვისაც ხმას აძლევს, ის არის პროპორციულად წარმოდგენილი პარლამენტში, ეს არის შველა გაჭირვების, უმუშევრობის, რაც დღეს ქვეყანაში არის. რა ჰქვია იმას, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“? ჰქვია მანდატებით ვაჭრობა და რაღაც თავის თავის ილუზიებში შეყვანა, რომ თითქოს რაღაც რესურსი აქვთ, რამენაირად ხელისუფლებაში დარჩნენ.

პირობას ვაძლევ მათ, რომ ოქტომბერში „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, რა საარჩევნო მოდელიც არ უნდა იყოს. ხოლო, საარჩევნო მოდელის ადეკვატური ცვლილება ეს არის მათი ვალდებულება, მათი პასუხისმგებლობა და კიდევ მათგან ველოდებით, რაღა თქმა უნდა, თუ ადეკვატურად უპასუხებენ რეალობას. 110/40-ზე ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, ვერც ერთ შემთხვევაში“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.