გიორგი ტყემალაძე - სამუშაო ვითარებაში შეხვედრის უზრუნველსაყოფად მზად ვიყავით, თუმცა პროტესტის მონაწილეების მიზანი დესტრუქციული ქმედებები და არეულობის მოწყობაა
გიორგი ტყემალაძე - სამუშაო ვითარებაში შეხვედრის უზრუნველსაყოფად მზად ვიყავით, თუმცა პროტესტის მონაწილეების მიზანი დესტრუქციული ქმედებები და არეულობის მოწყობაა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც ერეკლე კუხიანიძის საკითხზე იმსჯელებენ.

გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ როგორც უმრავლესობის სხვა წევრები, თავადაც ემიჯნება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილან დაკავშირებით კუხიანიძის განცხადებას, თუმცა უნდა დატოვოს თუ არა კუხიანიძემ თბილისის საკრებულო, ამ კონკრეტულ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებისგან საკრებულოს უმრავლესობის სხდომამდე თავს იკავებს.

„უმრავლესობის სხდომა ჩატარდება და გადაწყვეტილების საკითხზე საზოგადოებას ეცნობება. საკრებლოს თავმჯდომარე ისევე, როგორც უმრავლესობის წევრები, ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ მას შემდეგ, რაც უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება“ ,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი ტყემალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის  უკანონო პატიმრობიდან მალე გათავისუფლდეს.

„პირველი დღიდან დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ვართ სოლიდარულები ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ. სახელწმიფო ყველაფერს აკეთებს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან“ ,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ტყემალაძის თქმით, ერეკლე კუხიანიძესთან გუშინ საღამოს გაიმართა შეხვედრა, სადაც უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ  კუხიანიძის განცხადება მიუღებელი იყო.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოში დღეს მომხდარ ინციდენტს, ტყემალაძე ამბობს, რომ პროტესტის მონაწილეების სურვილი სამუშაო ვითარებაში საუბარი არ იყო.

„გამოვყავით ოთახი დილიდან, თუ ჰქონდათ რაიმე სამუშაო ვითარებაში შეხვედრის სურვილი, მზად ვიყავით, ამის უზრუნველყოფა გაგვეკეთებინა. ამის შემდეგ ვნახეთ, რა იყო მათი მიზანი, მათ უნდათ მოაწყონ გარკვეული დესტრუქციული ქმედებები, არეულობები. ადამიანები შეიჭრნენ ერეკლე კუხიანიძის ოთახში. ერთია, რომ არ იყო ერეკლე კუხიანიძის მხრიდან სწორი განცხადება, არ ვიზიარებ, მაგრამ  ძალადობრივი განცხადებები, ძალადობა ყველა მხრიდან მიუღებელია. ერეკლე კუხიანიძის ოთახში შევიდნენ, სადაც კარვების გაშლა დაიწყეს“ ,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

რაც შეეხება დედაქალაქის მერიის უსაფრთხოების სამსახურის გამოჩენას, ტყემალაძე ამბობს, რომ მერიის უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურად იცავს თბილისის საკრებულოს შენობას და ამაში გასაკვრი არაფერია.

დატოვე კომენტარი