გიორგი ტყემალაძე – პირველადი პროექტით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 62 953,9 ათასი ლარით გაიზარდა, გვექნება კონსულტაციებიც და საბოლოოდ ქალაქის საჭიროებებზე მორგებულ ბიუჯეტს მივიღებთ
თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის თანახმად, მომდევნო წლის ბიუჯეტის მოცულობა 1 826 308, 6 ათასი ლარით განისაზღვრა და 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 763 354,7 ათასი ლარი) მიმართებაში 62 953,9 ათასი ლარით გაზრდილია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი მთლიანად ქალაქის და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული და, შესაბამისად, მომავალ წელს დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება.
როგორც საკრებულოს თავმჯდომაემ აღნიშნა, თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
„თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პირველადი ვერსიით, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 62-მილიონიანი ზრდა გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოო ვერსიაში ბიუჯეტი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება. წარმოდგენილი პროექტის პირველადი ვერსია კომისიებში უკვე განვიხილეთ და გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც დედაქალაქის მთავრობას გადაეგზავნება. გვექნება კონსულტაციებიც და საბოლოოდ მივიღებთ ისეთ ბიუჯეტს, რომელიც ქალაქის საჭიროებებზე იქნება მორგებული. რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, მომავალი წლის მთავარ პრიორიტეტებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურული პროექტები, კეთილმოწყობის სამუშაოები, სოციალური მიმართულებები, გამწვანებული არეალების შექმნა და სხვა“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ამასთან, მან „ქართული ოცნების“ გუნდს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„მინდა, ჩვენს გუნდს მივულოცო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ქართველი ხალხის ნებითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი“, – აღნიშნა ტყემალაძემ და კოლეგებს, რომლებმაც არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლეს, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„დარწმუნებული ვარ, ისინი პარლამენტშიც გააგრძელებენ ჩვენი ქალაქისა და ქალაქელების ინტერესების დაცვას“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.