გიორგი ტყემალაძე - გამოძიების დასრულებამდე ილია ჯიშკარიანზე რაიმე შეფასების გაკეთება არასწორია
გიორგი ტყემალაძე - გამოძიების დასრულებამდე ილია ჯიშკარიანზე რაიმე შეფასების გაკეთება არასწორია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ მისი ბიუროს თანამშრომლის ბრალდებას გამოეხმაურა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და საკრებულო მის დასრულებას დაელოდება.

„როგორც იცით, საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენ შეგვეძლება შესაბამისი შეფასების გაკეთება. ალბათ, დამეთანხმებით, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი შეფასების გაკეთება არასწორი იქნებოდა“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

რაც შეეხება ილია ჯიშკარიანისთვის სადეპუტატო მანდატის შესაძლო შეწყვეტის საკითხს, საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევი და შეუძლებელია. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, გამოძიება აუცილებლად ობიექტურად წარიმართება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, გაკეთდეს შეფასებები.

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე ქალი ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე მხარე, საკრებულოს დეპუტატიც და თანამშრომელი ქალიც გამოიკითხნენ ორი დღის წინ, ასევე საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა, რაიმე კავშირი ან ინფორმაცია ჰქონდეს მომხდართან დაკავშირებით. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი