გიორგი ტყემალაძე - ფიზიკური შეურაცხყოფისა და დაპირისპირებისგან თავი უნდა შევიკავოთ
გიორგი ტყემალაძე - ფიზიკური შეურაცხყოფისა და დაპირისპირებისგან თავი უნდა შევიკავოთ

სამწუხაროა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“  ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს დატოვებს, – ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი ტყემალაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს დატოვების შესახებ. ამასთან საკრებულოს თავმჯდომარემ პოლიტიკურ პარტიებს ფიზიკური დაპირისპირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„თვითმმართველობის ასოციაცია ევროსაბჭოს პარტნიორი ორგანიზაციაა. შესაბამისად, სამწუხაროა, თუ ისინი ასოციაციის საბჭოს წევრობას დატოვებენ. რაც შეეხება მათ მომავალ მოქმედებებს, მათი გეგმების შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ჩვენ ყველამ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ ის ფაქტი, რაც საკრებულოში მოხდა, ფიზიკური დაპირისპირება. ამავდროულად, სისტემატურად ხდება სიტყვიერი შეურაცხყოფა. მე მინდა, ორივე მხარეს მოვუწოდო და ვთხოვო, მაქსიმალურად ყველა მხრიდან იყოს თავშეკავება, როგორც პიროვნული შეურაცხყოფის, ასევე ფიზიკური დაპირისპირებისგან. საჭიროა, სამუშაო რეჟიმში გავაგრძელოთ საქმიანობა.

განმარტებები ორივე მხარეს გააკეთეს. დაკითხვაზე ორივე მხარე იმყოფებოდა. სადაც მოყვნენ, თუ რა მოხდა. ფიზიკური შეურაცხყოფისა და დაპირისპირებისგან თავი უნდა შევიკავოთ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ პირადი შეურაცხყოფები იყო ამ პროცესში ერთობლიობაში. ყველა მხარეს მოვუწოდებ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს ტოვებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განმარტებით, მათი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში 24 იანვარს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ლევან ხაბეიშვილი დაშავდა. საკრებულოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.