გიორგი ტუღუში - სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ტატუნაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისროს
გიორგი ტუღუში - სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ტატუნაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისროს

არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს უნდა დაეკისროს, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა, დეპუტატმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სწორედ ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს. კარგია, რომ ამ მიმართულებით არასამთავრობო სექტორი აქტიურობს. ამ სარჩელის მთავარი მიზანი რაც შეიძლება იყოს, პირველ რიგში ეს არის, რომ უშუალოდ რუსეთის პასუხისმგებლობა დადგეს იმ ვანდალიზმის გამო, რომელიც მოხდა. ამ შემთხვევაში, პირდაპირ ვგულისხმობ იმას, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისროს. ამოსავალი წერტილი ეს არის“, – განაცხადა დეპუტატმა.

გიორგი ტუღუშის შეფასებით, რაც უფრო აქტიური იქნება ამ მიმართულებით იუსტიციის სამინისტრო, მით უფრო კარგია.

„თუმცა რუსეთ-საქართველოს სარჩელზე ჩვენ სხვა ბევრი ცუდი მაგალითიც გვახსოვს, სადაც ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ იუსტიციის სამინისტრო არანაირ აქტიურობას არ იჩენდა იმასთან მიმართებაში, რომ რეალური აღსრულება მოხდეს და რუსეთმა კომპენსაცია გადაიხადოს, რომელიც საქართველოსთან წააგო“, – აცხადებს გიორგი ტუღუში.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დღეს არჩილ ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის მონაწილეობით პრესკონფერენცია გამართა. ცენტრმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აქტიურად გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიებისთვის და მოამზადოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად.

ამასთან, გუშინ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე საქართველო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.