გიორგი თხელიძე - რეგულაციების ფონზე, სამშენებელო ბაზარზე მიწოდება შენელებულია, მაგრამ არა შეჩერებული
გიორგი თხელიძე - რეგულაციების ფონზე, სამშენებელო ბაზარზე მიწოდება შენელებულია, მაგრამ არა შეჩერებული

სამშენებლო ბაზარი შეინარჩუნებს ჯანსაღ მდგომარეობას, თუმცა გრძელ ვადაში ფასები გაიზრდება, – ამის შესახებ სამშენებლო სექტორში არსებულ ვითარებაზე საუბრისას „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ საქართველოს პირველ არხის გადაცემაში – „ახალი დღე“ განაცხადა.

გიორგი თხელიძის განმარტებით, მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა ახალი რეგულაციების ფონზე, სამშენებელო ბაზარზე მიწოდება შენელებულია, მაგრამ არა შეჩერებული.

„ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებული რეგულაციების მიუხედავად, მოსახლეობისგან მოთხოვნა იზრდება. ქვეყანაში სახეზეა უმუშევრობის კლება, რაც თავისთავად, შემოსავლიანობის ზრდას განაპირობებს. ეს სამშენებლო ბაზარზე დადებითი ფაქტორი იქნება. თუმცა, მეორე მხრივ, მიწოდება იქნება შეზღუდული, რაც მშენებლობის ფასების ზრდაზე აისახება. შესაბამისად, საშუალო ვადაში ფასები უფრო სტაბილური იქნება, გრძელ ვადაში კი, გაიზრდება“, – განაცხადა თხელიძემ.

მისივე თქმით, 2019 წლის პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს.

„შეზღუდულია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც იპოთეკური სესხის აღება შეუძლია. ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რაც სამშენებლო ბაზარზე გაყიდვების მაჩვენებლის კლებას იწვევს. ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული ვართ, რომ აპრილში სამშენებლო სექტორთან ერთად დავსხდებით და ამ საკითხებს დეტალურად გავივლით“, – განმარტა გიორგი თხელიძემ.

„თიბისი კაპიტალმა“ სამშენებლო სექტორში არსებულ ვითარებაზე კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2018 წელს 4 მილიარდ 100 მილიონი ლარის ღირებულების 34 591 ბინა გაიყიდა. აღნიშნული თანხა 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 31 პროცენტით აღემატება.

ამავე კვლევის თანახმად, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვების რიცხვმა 45 პროცენტით იკლო. 2018 წლის ბოლოს კი, იპოთეკური სესხების ზრდამ 30 პროცენტი შეადგინა. „თიბისი კაპიტალის“ მკვლევარების განმარტებით, იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა 2019 წელს დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედების მოლოდინმა გამოიწვია.

 

ავტორი: მარიამ ვაჩნაძე