გიორგი თხელიძე - პრემიერთან შეხვედრისას განვიხილეთ, როგორ შეუძლია საბანკო სექტორს ხელი შეუწყოს იმ სექტორებს, რომელთაც დღეს მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ
გიორგი თხელიძე - პრემიერთან შეხვედრისას განვიხილეთ, როგორ შეუძლია საბანკო სექტორს ხელი შეუწყოს იმ სექტორებს, რომელთაც დღეს მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ

პრემიერთან შეხვედრისას განვიხილეთ, როგორ შეუძლია საბანკო სექტორს ხელი შეუწყოს იმ სექტორებს, რომელთაც დღეს მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც თხელიძემ აღნიშნა, შეხვედრის მიზანი იყო, ბიზნესმენებთან ერთად ემსჯელათ არსებულ მდგომარეობაზე, რამდენად მზად არის, პირველ რიგში, საფინანსო და საბანკო სექტორი, რომ უწყვეტად განაგრძონ მუშაობა

„ ჩვენ, ეროვნულ ბანკთან ერთად, ვიმუშავეთ უკვე ამ ფაქტორზე და დავადასტურეთ, რომ ყველა საბანკო სერვისის მიწოდება ყველა რეგიონში მიმდინარეობს უწყვეტად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თხელიძემ.

გიორგი თხელიძის თქმით, შეხვედრისას განიხილეს, როგორ შეუძლია საბანკო სექტორს ხელი შეუწყოს იმ სექტორებს, რომელთაც დღეს მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ.

მისივე განცხადებით, ბანკები ინტენსიურად მუშაობენ იმ ბიზნესებთანაც, რომელთაც საქმიანობის შეჩერება მოუწიათ.

„შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო, თუ რა უნდა გაკეთდეს ბიზნესების მხრიდან, რომ, ერთი მხრივ, თანამშრომლების ჯანმრთელობა იყოს დაცული და, მეორე მხრივ, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ იმ სექტორებს, რომლებსაც დღეს მუშაობის გაგრძელება შეუძლია. ალბათ, აქ პასუხისმგებლობის გადანაწილებაზეა დამოკიდებული ძალიან ბევრი ქმედება, რასაც მთავრობა ახორციელებს. ბანკების მხრიდან ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ბიზნესთან, რომლებიც გაჩერდა, რომ მივეხმაროთ ამ პრობლემის გადაგორებაში, ხოლო მათ, ვინც განაგრძობს მუშაობას, ესენია ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტები, ჰქონდეთ რესურსი საქმიანობის გაგრძელების. მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში, ყველა მექანიზმი გვაქვს შექმნილი იმისთვის, რომ ბიზნესს რაც სჭირდება, ჰქონდეს. დანარჩენს დავაკვირდებით, როგორ წავა. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები იყოს“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ.

ჟურნალისტები სესხების გადავადების პროცესის მიმდინარეობითაც დაინტერესდნენ, რასთან დაკავშირებითაც გიორგი თხელიძემ აღნიშნა, რომ პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს და ბანკი ცდილობს, აღნიშნული საქმიანობა დისტანციურად წარმართოს.

„ძალიან დიდი ნაწილი ჩაერთო ამ პროცესში და ის ეფექტურად მიმდინარეობს. დიდ ნაწილს ვცდილობთ, მოვემსახუროთ დისტანციურად, რაც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მოსვლა არ დასჭირდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი კლიენტების გარკვეული ნაწილი მოდის ფილიალებშიც. არის ასევე, საკმაო რაოდენობა, ვისაც არ სჭირდება გადავადება“, – აღნიშნა გიორგი თხელიძემ.