გიორგი თხელიძე - ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ბიზნესთან, რომელიც გაჩერდა, რომ მივეხმაროთ როგორმე პრობლემის გადაგორებაში
გიორგი თხელიძე - ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ბიზნესთან, რომელიც გაჩერდა, რომ მივეხმაროთ როგორმე პრობლემის გადაგორებაში

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე საფინანსო და საბანკო სექტორის მუშაობის საკითხზე იმსჯელეს.

როგორც გიორგი თხელიძემ აღნიშნა, ეროვნულ ბანკთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ყველა სერვისის მიწოდება, ყველა რეგიონში იყოს უწყვეტად.

„შემდგომი საკითხი იყო, რა უნდა გაკეთდეს ბიზნესების მხრიდან, რომ თანამშრომლების ჯანმრთელობა იყოს დაცული და ის ბიზნეს სექტორები, რომლებსაც შეუძლიათ დღეს მუშაობის გაგრძელება, როგორ შეგვიძლია ამის ხელშეწყობა. აქ საუბარია პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე. ძალიან ბევრი ქმედება არის, რასაც მთავრობა აკეთებს, ბანკების მხრიდან, ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ბიზნესთან, რომელიც გაჩერდა, რომ მივეხმაროთ როგორმე ამ პრობლემის გადაგორებაში, ხოლო ის, ვინც აგრძელებს მუშაობას, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, სამშენებლო პროექტები, წარმოება, რომ მაქსიმალურად ჰქონდეთ რესურსი საქმიანობის გაგრძელების“, – განაცხადა გიორგი თელიძემ.

ამასთან, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ სესხების გადავადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი ჩაერთო ამ პროცესში.

„მომხმარებლების დიდ ნაწილს ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ დისტანციურად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსვლა არ მოუწიოთ. გარკვეული ნაწილი ჩვენი კლიენტების მოდის ფილიალებში, მაგრამ არის ასევე საკმაო რაოდენობა, ვისაც არ სჭირდება გადავადება და ამას წინასწარ ჩვენთან აცხადებს“, – განაცხადა თხელიძემ.