გიორგი ტატუნაშვილი ვარაუდობს, რომ მისი შვილის წამებაში დამხმარე პირების დასჯა რთული იქნება
გიორგი ტატუნაშვილი ვარაუდობს, რომ მისი შვილის წამებაში დამხმარე პირების დასჯა რთული იქნება

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი ვარაუდობს, რომ მისი შვილის წამებაში დამხმარე პირების დასჯა რთული იქნება, რადგან ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ გიორგი ტატუნაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პირველი სხდომის დაწყებამდე მცხეთის სასამართლოში განაცხადა.

„ძნელია მათი დასჯა და იქიდან გამოყვანა, მაგრამ მოლოდინი მაქვს, ადრე თუ გვიან დაისჯებიან“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

გიორგი ტატუნაშვილი გამოძიების პროცესს დადებითად აფასებს. ოჯახის ადვოკატი თამარ ავალიანი კი ამბობს, რომ ახლა მთავარია უშუალოდ წამებაში მონაწილე პირების გამოვლენა.

„ბრალდებულები არიან გურწიევი და ტაბოევი, რომლებიც არიან სამართალდამცავი და უშიშროების დაწესებულებების წარმომადგენლები ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ეს არიან პირები, რომლებმაც თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად მყოფ ორ პირს. ასევე ისინი არიან წამებაში დამხმარენი, რომლებმაც გადასცეს ცხინვალის სამართალდამცავ ორგანოებს საწამებლად არჩილ ტატუნაშვილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი იდენტიფიცირება მოხდა და გამოძიებამ ამ მიმართულებით დამაკმაყოფილებლად იმუშავა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდეს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც უშუალოდ აწამეს არჩილ ტატუნაშვილი და მიაყენეს 100-მდე დაზიანება“, – განაცხადა ავალიანმა, რომლის ინფორმაციით გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს.

მცხეთის სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პირველი სხდომა იმართება.