გიორგი ტატუნაშვილი - გვითხრეს, რომ საქმეს წამების მუხლი დაემატა, შსს-ს მადლიერი ვარ
გიორგი ტატუნაშვილი - გვითხრეს, რომ საქმეს წამების მუხლი დაემატა, შსს-ს მადლიერი ვარ

გვითხრეს, რომ საქმეს წამების მუხლი დაემატა, შსს-ს მადლიერი ვარ, – ამის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს არჩილ ტატუნაშვილის მამამ გიორგი ტატუნაშვილმა განუცხადა.

„მე მქონდა კითხვები შუბლის და ცხვირის შესახებ. გვითხრეს, რომ ადგილი არ ჰქონია ტექნიკურ დაზიანებებს. გვითხრეს, რომ საქმეს წამების მუხლი დაემატა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავიდანვე დამპირდა, რომ გვერდში დამიდგებოდა და მათი მადლიერი ვარ. დღესაც შეხვედრას ესწრებოდა შსს-ს წარმომადგენელი. შსს სულ ჩემ გვერდითაა. გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ მეპარება. გვითხრეს და გაგვარკვიეს, რომ ნატყვიარი შუბლზე არ ჰქონია“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ტატუნაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებაზე წამების კვალიფიკაციის დამატებას ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი თამარ ავალიანი აფასებს და აცხადებს, რომ მუხლის გადაკვალიფიცირებას თავიდანვე ითხოვდნენ.

„ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით მუხლის გადაკვალიფიცირებას, ანუ საუბარია მკვლელობის წამებით გადაკვალიფიცირებაზე. საუბარია წამებაზე, რომელმაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ეს არის დამამძიმებელი გარემოება. კონკრეტულად წამების რა ნაწილზე გადაკვალიფიცირდა, არ ვიცი. უნდა გავარკვიო ეს საკითხი. ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი.

მე არ ვიცი, რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს. ჩვენ მოვუწოდებთ გამოძიებას, რომ მეტი გულისყურით მოეკიდოს საკითხს. არასენსიტიური მიდგომა გაართულებს საქმეზე შედეგის მიღწევას. არსებობს ყველა საფუძველი, არსებობს დასკვნა. როდესაც დასკვნაში წერია, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია სიცოცხლეში და მიყენებულია მრავალგზის, დაზიანებები მიყენებულია ბლაგვი საგნების გამოყენებით, თითოეულ ადგილზე 30-40 დაზიანებაა, გამოძიება უნდა დაიწყოს წამების მუხლით“, – აღნიშნა ადვოკატმა.

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას წამების კვალიფიკაცია დაემატა.