გიორგი ტატუნაშვილი - ჩემი შვილის მკვლელები უნდა დაისაჯონ, ესაა ჩემი მოლოდინი და ნატვრა
გიორგი ტატუნაშვილი - ჩემი შვილის მკვლელები უნდა დაისაჯონ, ესაა ჩემი მოლოდინი და ნატვრა

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორი სარჩელი შევა – ერთი სახელმწიფოთაშორისი, მეორე ინდივიდუალური, – ამის შესახებ პირველ არხს ტატუნაშვილის მამამ გიორგი ტატუნაშვილმა განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს ორივე სარჩელი ერთმანეთს აძლიერებს, ავსებს. მგონია და დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალი იზეიმებს და ის არაკაცები მოხვდებიან განსასჯელის სკამზე“, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენი ორივე სარჩელი მზადაა და სტრასბურგს უკვე ხვალ, 22 აგვისტოს გადაეგზავნება.

„სამხარაულის ბიურომაც შეადგინა დასკვნა, რომ ჩემი შვილი წამების შედეგადაა გარდაცვლილი, „ემპათიამაც“ ასეთივე დასკვნა დადო. თავისთავად, ცხადია, რომ აწამეს, ამაზე მოუწევთ პასუხისგება და წამებამ რომ სიკვდილი გამოიწვია, მაგაზეც. მინდა, აღსრულდეს სამართალი, სხვა რა მოლოდინი უნდა მქონდეს, რომ ჩემი შვილის მკვლელები დაისაჯონ. ესაა ჩემი მოლოდინი და ნატვრა“, – აღნიშნავს ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული სამხედროს მამა პირველ არხთან საუბრისას.

გარდა საქართველოში ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებისა, რომელმაც არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე ასობით დაზიანება და წამების შედეგად გარდაცვალების ფაქტი გამოავლინა, სტრასბურგის სასამართლოს სხვა მტკიცებულებებსაც წარუდგენენ, რომელიც საქმის ირგვლივ შეგროვდა.

„ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურამაც მოიწერა წერილი, სადაც აღნიშნეს, რომ ავტომატის კონდახით სცემდნენ, თვითონ აღიარეს ის, რომ სცემეს. სცემეს ისე, რომ ცემამ სიკვდილი გამოიწვია, მიიღო მცირედი დაზიანება, შეიძლება 21 დღეში გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მე ჩემი თვალით ვნახე, რა დაზიანებებიც ჰქონდა სხეულზე, ერთ ადგილს ვერ უპოვიდი მთელს“, – აღნიშნა გიორგი ტატუნაშვილმა.

22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის შემდეგ გაათავისუფლეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში მოკლეს.

დატოვე კომენტარი