გიორგი ტატიშვილი - OMV Petrom-ის შიდა შესწავლებით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საკმაოდ მაღალი ალბათობით, გაზის საბადო უნდა იყოს
გიორგი ტატიშვილი - OMV Petrom-ის შიდა შესწავლებით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საკმაოდ მაღალი ალბათობით, გაზის საბადო უნდა იყოს

კომპანია OMV Petrom აქტიურ სამუშაოებს მომავალი წლიდან დაიწყებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა განუცხადა.

ტატიშვილის თმით, აქტიური სამუშაოების დაწყებამდე, წლევანდელი წელი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შემუშავებას დაეთმობა.

„შავი ზღვა ეკოლოგიურად საკმაოდ სენსიტიურია ჩვენთვის და ბუნებრივია, გვინდა, რომ კომპანიას ჰქონდეს მსოფლიო დონის ანგარიში, რომელიც გარემოზე პოტენციურ ზემოქმედებას აღწერს. ამის შემდგომ უკვე კომპანია დაიწყებს ორ და სამგანზომილებიან სეისმურ კვლევებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, იდენტიფიცირება გავაკეთოთ იმ წერტილების, რომლებიც პოტენციურად ყველაზე საინტერესო იქნება გასაბურღად. ამის შემდგომ უკვე გადავალთ ბურღვით სამუშაოებზე და ბურღვითი სამუშაოების შედეგად, დადასტურდება ის მარაგების ოდენობა, რომელიც შესაძლოა არსებობდეს შავი ზღვის ამ სალიცენზიო ბლოკზე“, – განმარტა ტატიშვილმა.

საქართველოს შავი ზღვის შელფზე, სანაპირო ზოლიდან 5 000 კვადრატული კილომეტრის არეალში, შესაძლოა ნავთობი და გაზი აღმოჩნდეს. შავი ზღვის აუზში გაზს უკვე მოიპოვებენ უკრაინა, რუსეთი და თურქეთი. ამ ქვეყნების რიგებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა რუმინეთიც, სადაც კომპანია OMV Petrom-მა ნავთობისა და გაზის საკმაოდ დიდი მარაგები აღმოაჩინა და რომლის მოპოვებასა და გადამუშვებასაც ახლო მომავალში დაიწყებს. მსგავსი სამუშაოები მიმდინარეობს ბულგარეთშიც. ახლა კი იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ევროპული კომპანია მუშაობს, საქართველოც დაემატა.

„რაც შეეხება ზოგად გეოლოგიურ სურათს შავ ზღვაში, ის საკმაოდ მნიშვნელოვანია, საკმაოდ საინტერესოა. შავი ზღვის აუზის თითქმის ყველა ქვეყანა წინ იყო ამ მიმართულებით, მაგალითად, რუმინეთში იგივე OMV Petrom-ის და Exxon Mobil-ის ერთობლივად გაკეთებული აღმოჩენა გაზის, რომლის განვითარებაც და ინტენსიური მოპოვება უკვე დაიწყება მიმდინარე ან მომავალ წელს, პრაქტიკულად შეცვლის ალბათ რუმინეთის ეკონომიკას ბევრად უკეთესობისკენ. იგივე სიტუაცია გვაქვს ბულგარეთშიც, სადაც ძალიან საინტერესო შედეგები აქვთ და შეიძლება ითქვას, რომ აღმოჩენის ზღვარზე არიან. თურქეთმა შარშან გამოაცხადა უდიდესი გაზის საბადოს აღმოჩენის შესახებ და ვინაიდან ეს რეგიონალური გეოლოგიაც ანალოგიებზეა დამყარებული, ჩვენც დიდი მოლოდინი გვაქვს ამასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპანია, OMV Petro უფრო მეტად გაზზე არის ორიენტირებული, ვინაიდან მათი შიდა შესწავლებით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საკმაოდ მაღალი ალბათობით გაზის საბადო უნდა იყოს აღმოჩენილი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა.

კითხვაზე, რა რაოდენობის ნავთობის ან გაზის მარაგები შეიძლება მოიპოვებოდეს შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში, გიორგი ტატიშვილი განმარტავს, რომ კონკრეტული რიცხვების დასახელებისგან თავს შეიკავებს. თუმცა ამასთან, როგორც სააგენტოს უფროსი ამბობს, OMV Petrom-ის შემოსვლა საქართველოში უკვე ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, რომ საქართველოს შავი ზღვის შელფზე წიაღის მნიშვნელოვანი რაოდენობის მოპოვებაა შესაძლებელი.

„სპეკულაციური იქნება ახლა ციფრების დასახელება, ამიტომ თავი მინდა ამას ავარიდო. თუმცა ზღვის პროექტები ზოგადად, აღმოჩენამდე მიყვანა იმდენად ძვირი ჯდება, რომ ეს რომ არ იყოს მნიშვნელოვანი ოდენობა, ხელს არ მოკიდებდა ასეთი კომპანია. მით უმეტეს როდესაც ვსაუბრობთ პროდუქციის წილობრივ განაწილებაზე, რა ხელშეკრულებაც ჩვენ გავაფორმეთ. ანუ ამ ხელშეკრულების არის ის, რომ აღმოჩენილი პროდუქტის, ნავთობი იქნება თუ გაზი წილი, და არც თუ ისე მცირე წილი, სახელმწიფოს მოაქვს უფასოდ. შესაბამისად ის წილი, რომელიც რჩება კომპანიას, უნდა უზრუნველყოფდეს მის დანახარჯების ანაზღაურებას და შემდგომ მოგებაზე გასვლას. ასე რომ, ის ეკონომიკური შეფასება, რომელიც გაკეთდა, სრულად იძლევა იმის საფუძველს, რომ აქ არის ის მარაგი, რომელიც არა მხოლოდ ამ უზარმაზარ კაპიტალდაბანდებას ამოიღებს, არამედ მოგებასაც მისცემს როგორც სახელმწიფოს, ასევე კომპანიას“, – აღნიშნა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა.

წლის ბოლომდე კომპანია ქართულ აკვატორიაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს მოამზადებს. ამის შემდეგ ჩატარდება ორ და სამგანზომილებიანი სეისმური კვლევები. უშუალოდ ბურღვითი სამუშაოები კი სავარაუდოდ 2024 წელს დაიწყება.

„ვვარაუდობთ, რომ გეოფიზიკური გემი უკვე მომავალ წელს შემოვა ჩვენ აკვატორიაში. ალბათ, ცოტა უფრო წყნარი ამინდების სეზონზე იმიტომ, რომ ტექნიკურად საკმაოდ რთულად შესასრულებელი სამუშაოა და ამინდიც ხელს უნდა უწყობდეს. შესაბამისად, ჩემი ვარაუდით, შვიდი თვე დასჭირდება ზღვაზე კვლევებს, გზშ-ს კვლევებს და 2023 წლის დასაწყისში უკვე გვეცოდინება სტრუქტურები, რომლებიც უნდა გაიბურღოს. ბურღვითი სამუშაოები ალბათ, 2024 წლიდან დაიწყება, რადგან ამას სჭირდება სპეციალური დანადგარი, რომელიც ზღვაზე უნდა იქნას მობილიზებული“, – განმარტა გიორგი ტატიშვილმა.

OMV Petrom -თან ხელშეკრულება გუშინ გაფორმდა. კონტრაქტის მიხედვით, კომპანია შავი ზღვის კონტინენტურ შელფში, 25 წლის ვადით ნავთობისა და გაზის კვლევა–ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს. ამასთან, OMV Petrom ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონ 600 ათას დოლარს შეიტანს, როგორც ხელმოწერის ბონუსს. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სალიცენზიო არეალში ნავთობს ან გაზს აღმოაჩენს, საქართველოს მთავრობას დამატებით 5 მილიონ დოლარს გადაუხდის. კონტრაქტის მიხედვით, კომპანია დანახარჯების ანაზღაურებამდე სახელმწიფოს მოპოვებული წიაღის 30 პროცენტს აძლევს უფასოდ, ხოლო დანახარჯების ანაზღაურების შემდეგ საქართველოს 60 პროცენტი დარჩება.