გიორგი სოსიაშვილი – მთავარი მიზანია, ევროპულ ოჯახში ღირსეულად გავწევრიანდეთ, ყველამ უნდა დაინახოს, რა დატვირთვა გააჩნია ჩვენს ქვეყანას ამ რეგიონში

13:19, 12.11.2026

ბრიუსელის ბოლო პერიოდის პოლიტიკა სამარცხვინოა და დაცლილია ევროპული ფასეულობებისგან. ბრიუსელში მოკალათებული ბიუროკრატების შემადგენლობა საბჭოთა პერიოდის კრემლს დაემსგავსა, როდესაც დირექტივებს გასცემდნენ და რესპუბლიკები ასე იმართებოდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელში ისეთი დამოკიდებულების ჩამოყალიბების სურვილი გაუჩნდათ, რომ ნებისმიერი მათი დირექტივა, დავალება და მენტორული ტონით საუბარი გახდეს საპროგრამო ყველა ქვეყნისთვის.

„დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოსთვის ეს შეურაცხმყოფელია. ჩვენი პოზიციაა, ევროპული ოჯახისკენ მივისწრაფვით, რადგან ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, თუმცა ეს გზა არ ნიშნავს, რომ ჩვენ მუქარით, აგდებით და ორმაგი სტანდარტებით გვესაუბრონ. მათი წარმომადგენლები ექსტრემისტულ ჯგუფებს კვებავდნენ საქართველოში, ახალისებდნენ და ლამის რომანტიკულ ამბად გადააქციეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა. მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო პოლიციელების ცოცხლად დაწვა, დედაქალაქის ცენტრალური გამზირის გადაწვა, პარლამენტზე შტურმის მიტანა, პრეზიდენტის სასახლის აღება და ა.შ. საუბრობენ, პარიზში დანაშაულის ჩადენა მოხდა და ამას სამართლებრივი შეფასება მიეცა. ევროკავშირის სამარცხვინო ელჩი წინ და უკან აკაცუკებით დარბოდა, მათ აქეზებდა და ამ რადიკალებთან ტაშ-ფანდური გაუდიოდა. ამას ქართველი ადამიანები არასოდეს მიიღებენ და გაითვალისწინებენ იმ კონტექსტში, რომ ჩვენ ვიღაცა ასე მუქარით გველაპარაკოს და შემდეგ ვიღაცას მუხლის ჩოქით ვევედროთ, რომ ევროპულ ოჯახში მიგვიღოს. ჩვენი მთავარი მიზანია, ევროპულ ოჯახში ღირსეულად გავწევრიანდეთ. ყველამ კარგად უნდა დაინახოს, რა გზა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა სისხლის და ოფლის ფასად მიაღწია აქამდე და რა დატვირთვა გააჩნია ჩვენს ქვეყანას ამ რეგიონში. მათაც კარგად იციან, რომ ევროპული ქვეყნების აღმოსავლეთ სამყაროსთან ურთიერთობა საქართველლს გარეშე წარმოუდგენელია – გეოგრაფიას ვერ შეცვლიან“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

მსგავსი