გიორგი სიორიძე - ჰელსინკის კომისია იცნობს ჩვენი ქვეყნის პრობლემებს, ყოველთვის ზუსტი შეფასება და ადეკვატური პასუხი აქვთ, კომისია „ქართულ ოცნებას“ თავის სახელს დაარქმევს
ჰელსინკის კომისიას ყოველთვის ზუსტი შეფასება, ადეკვატური პასუხი აქვს იმ ვითარებაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში თავისი ქმედებებით გამოიწვია, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჰელსინკის კომისია სხვადასხვა საკითხზე იმსჯელებს და „„ქართულ ოცნებას“ თავის სახელს დაარქმევს“.
„„ქართულმა ოცნებამ“ თავისი ანტიდასავლური, ანტიეროვნული პოლიტიკით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენს მთავარ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაუქმებული ყოფილიყო სტრატეგიული პარტნიორობა, ყველანაირი ხიდი ყოფილიყო დამწვარი. ფუჭი აღმოჩნდა ის ცრუ მოლოდინიც, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვაზე გააჩინეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის კონგრესში არსებობს ჰელსინკის კომისია, რომელიც დაკავებულია საქართველოს საკითხებით, იცნობს ჩვენი ქვეყნის პრობლემებს. ბუნებრივია, მათ ყოველთვის ზუსტი შეფასება და ადეკვატური პასუხი აქვთ იმ ვითარებაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში თავისი ქმედებებით გამოიწვია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მათ მიიტაცეს ძალაუფლება, არჩევნები, მიიღეს რეპრესიული კანონმდებლობა; სურთ, რომ სამოქალაქო სექტორი, თავისუფალი მედია, პოლიტიკური პარტიები სრულიად მოაქციონ მარწუხებში და გააქრონ, ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს პატიმრობაში უშვებენ, გრანტების კანონი კი საერთოდ ყველა ადამიანს შეეხება, ვისაც ახლობელი ჰყავს თუნდაც უცხოეთში. ბუნებრივია, ამაზე იმსჯელებს „ჰელსინკის კომისია“, ექნება ერთადერთი სწორი და ადეკვატური პასუხი. „ქართულ ოცნებას“ ის თავის სახელს დაარქმევს“, – განაცხადა სიორიძემ.
ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით ბრიფინგი დღეს გაიმართება. ბრიფინგი 28 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა ჰელსინკის კომისიაში განაცხადეს, რომ ის უამინდობის გამო გადაიდო.