გიორგი სიორიძე - „ძლიერი საქართველო-ლელო“ არ არის დღევანდელი აქციის ორგანიზებაში ჩართული, თუმცა ჩვენი წევრები ყველა მშვიდობიან აქციაში თავისუფლად იღებენ ხოლმე მონაწილეობას
გიორგი სიორიძე - „ძლიერი საქართველო-ლელო“ არ არის დღევანდელი აქციის ორგანიზებაში ჩართული, თუმცა ჩვენი წევრები ყველა მშვიდობიან აქციაში თავისუფლად იღებენ ხოლმე მონაწილეობას

28 ნოემბერი სიმბოლური თარიღია. გასულ წელს ირაკლი კობახიძემ, პრაქტიკულად, საზოგადოებას გამოუცხადა, რომ საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული. აქედან დაიწყო ქართველი ხალხის მშვიდობიანი, უწყვეტი წინააღმდეგობის მოძრაობა, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

სიორიძეს დღეისთვის დაგეგმილ აქციაზე დაუსვეს კითხვა.

„შესაბამისად, მნიშვნელოვანი თარიღია ამ თვალსაზრისით, რადგან ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა თავისი მტკიცე ნება. „ძლიერი საქართველო-ლელო“ არ გახლავთ დღევანდელი აქციის ორგანიზებაში ჩართული, თუმცა ჩვენი წევრები ყველა მშვიდობიან და კონსტიტუციის შესაბამის აქციაში თავისუფლად იღებენ ხოლმე მონაწილეობას. ავტორიტარიზმის პირობებში ჩვენი ბრძოლა მრავალი მიმართულებით არის გაშლილი. ბუნებრივია, ესაა ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ ყველა მშვიდობიანი და კონსტიტუციური ფორმით, იქნება ეს ჩვენი წინააღმდეგობა აკრძალვის პროცესში, საკონსტიტუციო სასამართლოში. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, იქნება ეს მშვიდობიანი აქციები, პროტესტი, ასევე, ბუნებრივია, წარმოდგენილი ვართ, პრაქტიკულად, ყველა საკრებულოში და გაისმება ხალხის ხმა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც წარმომადგენლობა გვყავს. „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, მთლიანად მოახდინოს კონსოლიდირება იმ ავტორიტარიზმისა, რომელსაც ცდილობს. ვიბრძოლებთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რეჟიმი დავასრულოთ“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.