გიორგი სიორიძე - ცესკო-ს არ უნდა დაეტოვებინა კითხვის ნიშნები, ბევრგან ფორმალურად მიუდგნენ საკითხს და გადათვალეს იმ უბნების ბიულეტენები, სადაც მერს 62-65%-ით ჰქონდა მოგებული
ცესკო-ს არ უნდა დაეტოვებინა კითხვის ნიშნები, ბევრი მუნიციპალიტეტი იყო, სადაც ფორმალურად მიუდგნენ საკითხს და სიტყვაზე, გადათვალეს რამდენიმე უბნის მერის არჩევნების ბიულეტენები, სადაც მერს 62-65%-ით ჰქონდა მოგებული, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, ოპოზიციური პარტიების წარდგენილმა გიორგი სიორიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ამას არანაირი შედეგი არ ექნებოდა თავიდანვე, რადგანაც ეს შედეგი უკვე წინასწარ იყო ცნობილი. შესაბამისად, ეს ატარებდა უფრო მეტად ფორმალურ ხასიათს. არავინ ამტკიცებდა, რომ შეიძლებოდა, ჩვენ რაღაც დრამატული სურათი გვქონოდა. მთავარი მიზანი იყო ის, რომ კითხვის ნიშნები მოხსნილიყო. არსებობდა კითხვის ნიშნები, თუკი ის აღმოჩნდებოდა, რაც ეწერა შემაჯამებელ ოქმებში და ეს იყო მთავარი ამოცანა. თუმცა, სამწუხაროდ, საარჩევნო კომისიებმა ეს არ გაითვალისწინეს“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
სიორიძის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოსულიყვნენ ვიწრო პროცედურული ჩარჩოებიდან და გადაეთვალათ ის უბნები, რომელთა მიმართებაშიც კითხვის ნიშნები არსებობდა საზოგადოებაში.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ 19 აპრილის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო ნდობის გაჩენა საზოგადოებაში არჩევნების მიმართ, საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და ეს კითხვის ნიშნები უნდა მოხსნილიყო. ამის შესაძლებლობა არსებობდა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვაჯამებთ არჩევნების პირველ ტურს, ეს ყოველივე უნდა ყოფილიყო ასახული, რაც ვერ იქნება ასახული, გამომდინარე იქიდან, რომ ეს თამამი ნაბიჯები არ იქნა გადადგმული“, – განაცხადა სიორიძემ.
გიორგი სიორიძემ ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რაზეც დღეს იმსჯელებენ.
„რაც შეეხება სხვა საკითხებს, ერთ-ერთი საკითხი გახლავთ რემოდელირებული კაბინები, რომლის პილოტირებაც მოვახდინეთ თბილისის ყველა უბანზე; მათი დანერგვის საკითხი საქართველოს მასშტაბით იქ, სადაც მეორე ტურები იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ კომისია ამას მხარს დაუჭერს. ჩვენ ამასთან მიმართებით მოვისმინეთ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებაც. საბოლოო ჯამში, ამის მთავარი მიზანი გახლდათ, რომ ფოტო-ვიდეო გადაღება ყოფილიყო პრევენცირებული და ყოფილიყო ბიულეტენების გატანა-შემოტანა აღკვეთილი. ვნახოთ, მე დაველოდები კომისიის გადაწყვეტილებას, თუ დაუჭერენ ამას მხარს“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმართება სხდომა, რომელზეც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ცესკო-ს ცნობით, მეორე ტური, კანონმდებლობის შესაბამისად, 30 ოქტომბერს გაიმართება.