გიორგი სიორიძე - „ბიბისის“ გამოძიება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი არ ინდობს საკუთარ ხალხს, ეს არის უმძიმესი ფაქტი
„ბიბისის“ გამოძიება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი არ ინდობს საკუთარ ხალხს, ეს არის უმძიმესი ფაქტი და დანაშაული ისტორიის წინაშე, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
სიორიძემ კომენტარი გააკეთა „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.
„მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული მედიასაშუალების, „ბიბისის“ გამოძიება ცხადყოფს, რომ აქციების დარბევისას გამოყენებული იქნა ისეთი ქიმიური შემადგენლობა, რომელიც გამოიყენებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს და გასული საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ არის აკრძალული. ასეთი რამ საქართველოში ბოლოს 9 აპრილს მოხდა, როდესაც აქციის დაშლის დროს აკრძალული ქიმიური შემადგენლობა გამოიყენეს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის მკვლელი რეჟიმი, რომელიც არ ინდობს საკუთარ ხალხს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და დანაშაული ისტორიის წინაშე“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.