გიორგი სიორიძე – არ გვიკვირს მანანა კობახიძის მცდელობა, თავი აარიდოს უმძიმეს გადაწყვეტილებაში მონაწილეობას, ყველას, ვინც მონაწილეობს ივანიშვილის გეგმის განხორციელებაში, ემუქრება არა მხოლოდ სანქციები, არამედ საზოგადოების უმკაცრესი ვერდიქტი

17:25, 12.10.2026

ჩვენ არ გვიკვირს მანანა კობახიძის მცდელობა, თავი აარიდოს ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაში მონაწილეობას, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ივანიშვილის ამ გეგმის განხორციელებაში, ემუქრებათ არა მხოლოდ საერთაშორისო, ფინანსური და სავიზო სანქციები, არამედ ქართული საზოგადოების უმკაცრესი ვერდიქტი და  სამარცხვინო ადგილი საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ყველაზე დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა, რომელიც კი მას ოდესმე გადაუხდია.

„ივანიშვილი მოქმედებს კრიმინალური სინდიკატის პრინციპით და ყველას აიძულებს ამ ანტიკონსტიტუციურ, დანაშაულებრივ აქტში მონაწილეობას. ივანიშვილის რეჟიმი აპირებს, აკრძალოს ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც, მათივე ოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე მოქალაქემ დაუჭირა მხარი. პარტიების აკრძალვის პროცესი არის საქართველოში დემოკრატიის დასამარებისკენ ყველაზე დიდი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს. ეს ნაბიჯი აზიანებს ჩვენს სახელმწიფოს, ის აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს წარმოადგენს, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ, მისი 78-ე მუხლი. საფრთხე შეიძლება შეექმნას როგორც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ასევე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ფინანსურ დახმარებებს და ყველა იმ პრივილეგიას, რომლითაც სარგებლობდა ჩვენი ქვეყანა და, პირველ რიგში, სარგებლობდნენ საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, საქმე გვაქვს ისტორიულ დანაშაულთან, რომლის გამოც „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ყველაზე დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა, რომელიც კი მას ოდესმე გადაუხდია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.

მსგავსი