გიორგი სიორიძე - ადრე თუ ცესკო ქმნიდა ბარიერებს, ახლა საკანონმდებლო დონეზე ხდიან შეუძლებელს უცხოეთიდან ხმის მიცემას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამემამულეებს შეუნარჩუნდეთ საარჩევნო ხმა
„ქართული ოცნება“ ქართველ ემიგრანტებს, რომელთაც უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, ართმევს შესაძლებლობას, რომ საზღვარგარეთიდან მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
სიორიძის თქმით, ადრე თუ ცესკო ქმნიდა ბარიერებს, ახლა საკანონმდებლო დონეზე ხდება შეუძლებელი საზღვარგარეთიდან ხმის მიცემა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთაც ასობით კილომეტრი გაიარეს, საათობით იდგნენ რიგებში საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებთან, რათა დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი; ვნახეთ, რომ იქ, სადაც არჩევნები შედარებით თავისუფალ გარემოში ჩატარდა და, ქვეყნის შიგნით ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით, არ იყო სივრცე მანიპულაციებისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 13 პროცენტი აიღო. სწორედ ამიტომაც რეჟიმს ეშინია ქართული ემიგრაციის და უზღუდავს მათ კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. პარტია „ლელო – ძლიერმა საქართველომ“, მე, როგორც ცესკო-ს ოპოზიციონერმა წევრმა და თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ძალიან ბევრი ვიბრძოლე ჯერ კიდევ შარშან იმისთვის, რომ უცხოეთში გაცილებით მეტ ადგილას გახსნილიყო საარჩევნო უბნები. ვიბრძოლეთ ცესკო-ში, სასამართლოში. თუ ადრე ცესკო ქმნიდა ბარიერებს, ახლა უკვე საკანონმდებლო დონეზე პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიან საზღვარგარეთიდან ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობას. ამავდროულად, ძალიან ცინიკურად ავალდებულებენ ჩვენს თანამოქალაქეებს, კეთილი ინებონ და არჩევნებისთვის ჩამოვიდნენ საქართველოშიო. ეს არის რუსული პოლიტიკა. „ქართული ოცნება“ გახლავთ რუსული დირექტივის შემსრულებელი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს თანამემამულეებს შეუნარჩუნდეთ თავიანთი საარჩევნო ხმა“, – განაცხადა სიორიძემ.