გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფი გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფი წარმატებით დაიწყეს გიორგი შერმადინმა და მისმა „ლაგუნა ტენერიფემ“. მეოთხედფინალში კანარის კუნძულების გუნდის მეტოქე ბადალონის „ხუვენტუდია“. სერია ორ მოგებამდეა, მოედნის უპირატესობას კი „ტენერიფე“ ფლობს, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, ხუვენტუდმა კი – მე-6.
პირველი მატჩი ტენერიფელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით – 96:81 დასრულდა. გამარჯვებულებს ორი ლიდერი ჰყავდათ – მარსელინიო უერტასი, რომელმაც ისტორიული მატჩი ითამაშა და გიორგი შერმადინი. სარგებლიანობით პირველი უერტასი იყო, რომელმაც 39 ქულა და 6 პასი მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 41-ს უწია, რაც პლეი ოფისთვის გამორჩეული შედეგია.
მის შემდეგ ტენერიფელთაგან ყველაზე შედეგიანი შერმადინი გახლდათ, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 23 წუთში 14 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი ჩააგდო. მისმა სარგებლიანობამ 26-ს უწია.
მეოთხედფინალური სერიის მე-2 მატჩი ბადალონაში 4 ივნისს გაიმართება. თუ „ტენერიფე“ იმარჯვებს, ნახევარფინალში გავა, თუ არა, გადამწყვეტი შეხვედრა ტენერიფეში 7 ივნისს ჩატარდება.